logo_geo
eng_logo
ყავისფერუნიფორმიანი და ყავისფერკოსტუმიანი ქინძების დოღი
- +

8 ივნისი. 2016. 21:49


 

ოპოზიციურ ფლანგზე ყავისფერ უნიფორმიანთა ნაც-წარმომადგენლობამ ახალი ფერი და ნირი (თანამედროვე ენაზე - რებრენდინგი) ვერ მოირგო, მაგრამ სხვადასხვა თარგზე გამოჭრილი კოსტუმების მასკარადი ნამდვილად მოახერხა და შემოგვთავაზა. მართალია, ყავისფერი ტონალობა დიდი ვერაფერი შვილია ავი ზრახვების შესანიღბად, მაგრამ რაც არის, ეს არის.


ნაცმოძრაობის გერმანელ ნაცისტებთან (ყავისფერ უნიფორმიანებთან) პარალელი ძველი თემაა. რაც შეეხება დაცემული, გაკოტრებული და გამარგინალებული პოლიტიკური გადმონაშთის გარკვეული სახით გადარჩენის მცდელობას, პოლიტიკურ ასპარეზზე სატელიტების „შემოყრის" გზით, შედარებით ახალი მოცემულობაა და საქმეში გარკვევას მოითხოვს.


ერთი 70-იანი თუ 80-იანი წლების ანეგდოტი მინდა გავიხსენო, რომელიც არასდროს არ მიყვარდა: შვილი საბავშვო ბაღში საახალწლო კარნავალისთვის ემზადება. სასიამოვნოდ აფორიაქებული მამა ეკითხება - შვილო, ყავისფერი კოსტუმი რატომ გაცვია, დათუნია უნდა იყო? - არა, მამიკო, ქაქი უნდა ვიყო და ყველას უნდა ჩავუკუკო ზეიმშიო - პასუხობს ბავშვი...


თუ ყურადღებით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ დაახლოებით ასეთი როლი აქვთ მორგებული ირგვლივ უხვად მიმოფანტულ, ძველი რეჟიმის მიერ წარსულშიც არაერთხელ გამოყენებულ („მონელებულ"), სხვადასხვა ნიღბით (სახელით) შემოსილ მარიონეტებს. სამწუხაროა, რომ ჩამონათვალი ძალიან ვრცელია. მასში შედიან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური ორგანიზაციები, გარე წყაროებზე დამოკიდებული თითქმის ყველა „არასამთავრობო" ორგანიზაცია, ფართო არეალის მქონე მედიასაშუალებათა დიდი უმრავლესობა, ცნობადი „ექსპერტების" მნიშვნელოვანი ნაწილი.


სიტყვებს - „არასამთავრობო" და „ექსპერტები" - ბრჭყალებში იმ მიზეზით ვსვამ, რომ ერთიც და მეორეც ღია, ან ნახევრადღია კავშირში არიან ე.წ. ოპოზიციური ფლანგის უპირობო ლიდერ „ნაციონალურ მოძრაობასთან". ნაცების საარჩევნო სიის პირველმა ათეულმა კიდევ ერთხელ აჩვენა ვინ ვინ არის, გოცირიძე-ხოშტარიათი დაწყებული და ტუღუში-კაპანაძით გაგრძელებული... და მრავალი სხვა კიდევ ელოდება თავის რიგს. იგივე ითქმის სიის მიღმა დარჩენილებზეც, თავის ხუხაშვილ-ცისკარიშვილიანად.


ნაცების ბრძოლის ტაქტიკა, როგორც ვა-ბანკზე წასულებისთვისაა დამახასიათებელი, უაღრესად გამარტივებულია: სამიზნედ ამორჩეულია ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი (ასე უფრო ადვილია ყურადღების კონცენტრაცია), ხოლო ბრძოლის მეთოდად აღებულია შეურაცხყოფის სხვადასხვა ფორმა. ამოცანა ასეთია - „ოცნებაზე" ამა თუ იმ მიზეზით განაწყენებულ, აგრეთვე, ნეიტრალურ ამომრჩეველს უნდა დაეკარგოს არჩევნებზე წასვლის სურვილი, რადგან კარგად იციან, რომ არც ერთი და არც მეორე არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას".

 

მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული ენმ-ის ნდობის ნულოვანი ხარისხი არ იძლეოდა წარმატების არანაირ შანსს, ამიტომ წლების განმავლობაში ქვეყნის ძარცვით ნაშოვნი მილიონები მიმართულ იქნა მრავალსუბიექტიანი „შტურმის" ორგანიზებაზე.


ნაცების ამ გეგმას ერთი დიდი ხარვეზი აქვს - როგორც ზემოთ აღინიშნა, ტაქტიკა მარტივია, ხოლო „ბრძოლის" ხერხი ერთფეროვანი, აქედან გამომდინარე, როლების შემსრულებელთა ამოცნობა საზოგადოებას არ უჭირს.

 

როცა ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, რა დაპირებები ვერ შეასრულა „ოცნების" ხელისუფლებამ?", პასუხობ მოკლედ და კონკრეტულად - „არცერთი დაპირება არ შეუსრულებიაო"  და თან მსუყე წერტილს სვამ, კმაყოფილი სახით, ყავისფერკოსტუმიანი ხარ, აბა რა ხარ. აქ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ - მუსიკა გიგა ბოკერიასი, ტექსტის ავტორი ნიკა გვარამია, ასრულებს პაატა ბურჭულაძე. დირიჟორი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილია.


პაატა ბურჭულაძეზე კიდევ რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა, რადგან ტიპიური ხარვეზია იმ გეგმისა, რომელზედაც ზემოთ ვსაუბრობდი: „პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია და შველა უნდაო". ბატონი პაატა რომელიმე სიის ერთ-ერთ მოწინავე წევრად რომ გვეხილა, ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, რადგან თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანი იმსახურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნების გამომხატველი იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერად მოსვლის ამბიცია ან რაღაც ფსიქიკასთან დაკავშირებული გადახრით (მაგალითად - პარანოია. ასეთები მრავლად იყვნენ და არიან ქართულ პოლიტიკაში) შეიძლება აიხსნას, ან იმ დავალების შესრულების აუცილებლობით, რომელზეც მიზეზთა და მიზეზთა გამო (მაგალითად - ფული, ან კომპრომატი) უარს ვერ იტყვი.


პაატა ბურჭულაძეს რომ ჰკითხოთ, „დღეს საქართველოში ყველაზე მეტად ფეხბურთელთა ნაკრებს უჭირს და რატომ არ ჩაიცვამ ფორმას და არ გახვალ მოედანზე გოლების გასატანადო", გიპასუხებთ, ფეხბურთის თამაში არ ვიცი და იმიტომო... შეიძლება ვიფიქროთ, სწორედ ესაა მისი უბედურება, რომ ჰგონია - პოლიტიკა იცის, ან უფრო უარესი - ჰგონია, რომ პოლიტიკას ცოდნა არ უნდა, ან კიდევ უფრო უარესი - ჰგონია, რომ ხალხს დააბოლებს. რასაკვირველია, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. უბრალოდ, ასეთი როლი მისცეს და ისიც იძულებულია, მოირგოს ყავისფერი კოსტუმი.

 

მარგველაშვილზე, ალასანიაზე, ლეიბორისტებზე, „ახლებზე"... ამ წრეზე იმდენჯერ გვივლია, რომ რაიმეს დამატება თითქმის შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ „მოთამაშეთა" აქტიურობის ინტესივობამ პიკს მიაღწია. არადა, არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი. თითოეულისთვის ცალ-ცალკე და ყველასთვის ერთად „რუსთავი-2" საკუთარი სახლივითაა და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ყავისფერ კოსტუმებს დაძინების წინაც არ იხდიან.


მედიისა და ე.წ. არასამთავრობოების თემასაც, შეიძლება ითქვას, არაერთხელ კუჭის კუჭამდე ვართ ჩაყოლილი და აქაც ახალს ვერაფერს ვიტყვით, გარდა იმისა, რომ ამ ყავისფერ ერთობას, მოკლე ხანში, შეიძლება ბუდე დაენგრეს („რ-2"-თან დაკავშირებით სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილება მაქვს მხედველობაში) და ეტყობა აქტიურობის პიკიც ამიტომ აქვთ დროში გადმოწეული.


საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო, ვფიქრობ, ახალ როლებში წარმოდგენილი ძველი და ახალი სუბიექტები უნდა იყვნენ:


„ეროვნული ფორუმით" მინდა დავიწყო. სპორტის ზოგიერთ სახეობაში იტყვიან ხოლმე - „ტემპით შევიდაო". სწორედ ამის გაკეთებას ცდილობენ კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე. ჯერ ე.წ. კაბელების საქმესთან და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ბოლო წერილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები პრონაცური გუნდის შემადგენლობაში ფეხის მყარად მოკიდების „კარგი" წინაპირობაა. აკაკი ასათიანის „კლასიკური სკოლაა", ვერაფერს იტყვი.


კიდევ ერთხელ „გაგვაოცეს" რესპუბლიკელებმა. მათ „შესაძლებლობებს" მართლაც არა აქვს ზღვარი. მთელ პოლიტიკურ სპექტრში, ალბათ, ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც „რ-2"-ს იქით შეუძლია ასწავლოს, როგორ არ შეიძლება იქცეოდეს გუნდი, თუ მისი ცალკეული წევრი, პოლიტიკის მოედანზე. მათი ინიციატივა არჩევნების ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ყველაზე დამაზიანებელი დარტყმა იქნება ქართული პოლიტიკისთვის და აქედან გამომდინარე, ქვეყნისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, პარლამენტში მისი გატანა მოხერხდება.


საკითხს ორი მხარე აქვს - სამართლებრივი და პოლიტიკური. წინა აბზაცში გაკეთებულ ზოგად პოლიტიკურ შეფასებას მძიმე კონკრეტული შინაარსი აქვს: ინიცირებული პროექტით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ქვეყანა მყისიერად აღმოჩნდება მძიმე პოლიტიკური და სახელისუფლო კრიზისის პირობებში და ეს კრიზისი მიიღებს უწყვეტ სახეს, რადგან კრიზისის დასაძლევად ჩატარებული ყოველი ახალი (რიგგარეშე) არჩევნები ახალი კრიზისის საფუძველი იქნება.


ამგვარი პერსპექტივა განსაკუთრებით სახიფათოა იმ რეალობაში, როცა პარტიული სისტემა უკიდურესად სუსტია და როცა ჯერაც არ მომხდარა ასპარეზიდან დანაშაულებრივი ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის" გაყვანა. მაგრამ რესპები ხომ ამ ყველაფერს სწორედ ნაცების დაკვეთით და ნაცებისთვის თავის მოსაწონებლად აკეთებენ? გათვლა მარტივია - მათ, სტაბილურად ორპროცენტიანებს, ახალი ლოკომოტივი სჭირდებათ და როცა „ოცნების" კარი დაკეტილია, „შველა" (ქვეყნის ინტერესს ვინ დაეძებს) მხოლოდ ნაცების თანადგომაშია. ამ გზით, სხვა პრონაცურ პარტიებთან ერთად, იქნებ როგორმე გახდნენ იმ გეგმის ნაწილი, რაც მოუტანთ თბილ, მაგრამ არცთუ ღირსეულ ადგილს, როგორც ეს არაერთგზის ყოფილა (ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია), მზის ქვეშ.


ზემოხსენებული კრიზისის საფრთხე, გარკვეულ პირობებში, კიდევ უფრო დიდ საფრთხეში შეიძლება გადაიზარდოს. დამდგარი შედეგი გავლენიან გარე ძალებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალებას მისცემთ, მთლიანად მართონ საქართველოში პოლიტიკური პროცესი (ამის ცუდი მაგალითები ბევრი ვიცით, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულიდან).

 

ნათქვამის არითმეტიკულად დასაბუთება მარტივად შეიძლება: თუ „ქართული ოცნება" პროპორციულ არჩევნებში ვერ მიიღებს 50%-ზე მეტს, მას ახალ პარლამენტში 75 მანდატზე ნაკლები ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენს ექნება 75 მანდატზე მეტი. როდესაც „ყველა დანარჩენის" ძირითადი წინასაარჩევნო მესიჯები „ოცნების" ლანძღვა-გინებითა და ბიძინა ივანიშვილის პიროვნების შეურაცხმყოფელი სიტყვებითაა გაჯერებული, ადვილი შესაძლებელია, „ოცნებამ" კოალიციურ პარტნიორად არცერთი პარლამენტში შესული პარტია არ ისურვოს. ან პირიქით, „ყველა დანარჩენიდან" არცერთმა „არ ისურვოს" (იგულისხმება - არ ასურვებინონ) „ოცნებასთან" პარტნიორობა.


მოვლენათა ამგვარი განვითარება, დამეთანხმებით, რეალურია. ამ შემთხვევაში, „ყველა დანარჩენი", ნებით თუ არა, გარედან მიღებული „მეგობრული რჩევების" შედეგად, დიდი ალბათობით, აღმოჩნდებიან იმ ეშელონის შემადგენლობაში, რომლის ლოკომოტივიც იქნება ავადსახსენებელი „ნაციონალური მოძრაობა".

 

კითხვა - ვის შეიძლება ასე ვძულდეთ, რომ ჩვენთვის იმ ჯოჯოხეთის გამეორება ისურვოსო, მხოლოდ გულუბრყვილების ნიშანი შეიძლება იყოს და, აქედან გამომდინარე, ლეგიტიმურობას მოკლებულია. გვმართებს, ერთხელ და სამუდამოდ, გავითავისოთ - გარეთ, ყველასთვის, თავისი სახელმწიფო და პირადი ინტერესია მთავარი და განმსაზღვრელი და მერე სხვა დანარჩენი. გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ: რუსეთისთვის, მისი მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოში ქაოსი და განვითარების დაბალი დონის შენარჩუნება, ხოლო ამერიკისთვის - მის მიერ მართვადი ხელისუფლება.


კიდევ ერთი „მწარე" რეალობა უნდა გვახსოვდეს მუდმივად... ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ წერილში (reportiori.ge 04.06.15) ვწერდი: ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე საუბრის დროს იმ დასვნამდე მივდივართ, რომ საქართველო ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების ასპარეზია, გარკვეული თამაშის წესების დაცვის პირობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი რომელიმეს აქტიურობა მტკივნეული შედეგების მომტანი არ უნდა იყოს მეორეს ინტერესებისთვის (მსგავსი პროცესებია უკრაინაშიც). ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, ამ თამაშში არც ამერიკა და არც რუსეთი არ უნდა დარჩეს წაგებული, ორივემ რაღაც უნდა მიიღოს."

 

აშშ-ის ელჩის, იან კელის ბოლო განცხადებამ დიდი უარყოფითი მუხტი შემოიტანა მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში. ეს გახლდათ სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური ნიმუში, თანაც გარედან ზეწოლის. ანუ მოხდა უცხო ქვეყნის შინაურ საქმეებში უხეში ჩარევა. ვეჭვობ, შეცდომასთან ან უნებლიე გადაცდომასთან გვქონდეს საქმე, რადგან მსგავსი მაგალითები ბოლო ოთხ წელიწადში უხვად დაგროვდა: მოძალადეებთან და მწამებლებთან კოაბიტაციის მოთხოვნა, მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული „ნაცმოძრაობის" გადარჩენისთვის დაუფარავი ზრუნვა, ქვეყნის ნგრევის პროპაგანდისტ „რუსთავი-2"-ზე ჩაბღაუჭება და მედიის თავისუფლების მოტივით სასამართლოზე პერმანენტული ზეწოლები, საერთაშორისო ძებნაში მყოფი სააკაშვილისთვის დაცულობის გარემოს შექმნა,.. რომელი ერთი ვთქვათ.


ერთობლიობაში ეს ყველაფერი ხელისუფლებაზე გავლენის მექანიზმებია. პირდაპირი მართვა, როგორც ეს იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც ჩანს, შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე და ახლა ეს ხერხია შერჩეული. ალბათ, ფიქრობენ, რომ დროებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ახალი ჯიშის" გამოყვანაზე დახარჯული შრომა და ფინანსები წყალში ეყრებათ.


წერილის წერის პროცესში შევიტყვეთ, რომ რესპუბლიკელებს ინიცირებული კანონპროექტი უკან გაუტანიათ. არ არის სარწმუნო ის ახსნა-განმარტება, რომ ხმები არ გროვდებოდა და აზრი არ ჰქონდა ენერგიის ხარჯვასო. პოლიტიკაში ასე არ ხდება. თუ დარწმუნებული ხარ, რომ შენი ინიციატივა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მას ბოლომდე მიჰყვები და თუ შედეგს ვერ აღწევ, პასუხისმგებლობას მას აკისრებ, ვინც ინიციატივა ჩააგდო. ვფიქრობ, „კეთილისმსურველებმა" რესპები დაარწმუნეს, რომ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია (ჩემს წერილებში რამდენჯერ დამისაბუთებია, რომ ვახტანგ ხმალაძემ კონსტიტუცია „კითხვით" იცის) და წარმატების მიღწევაში პაპუაშვილის სასამართლოც ვერ უშველიდათ და თავს შეირცხვენდნენ. მთავარი მაინც ისაა, რომ ეს უკანდახევა მათი თავდაპირველი ზრახვების სიმძიმეს ვერ ანეიტრალებს.


ცალკე თემაა „პატრიოტთა ალიანსის", აგრეთვე, თამაზ მეჭიაურის, „კორკოტას" და მსგავსი წარმონაქმნების „დვიჟენიები". სპექტრის ამ ნაწილზე გარკვეული შეხედულებები შეიძლებოდა დღესვე გამეზიარებინა მკითხველისთვის. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსთან" რა შუაშია კახა კუკავა, კოკო გამსახურდია, ან აკაკი ასათიანი, თუ არა ის რომ... მაგრამ, ამაზე მერე, მეტი ინფორმაცია რომ გვექნება.


რა რეალობაში აღმოჩნდება ქვეყანა 9 ოქტომბერს, მაინც მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული. რაც უფრო ნაკლები იქნება შეცდომები, მით უფრო მაღალი იქნება შედეგი. ჩემი პროგნოზი ასეთია - „ქართული ოცნება", საერთო ჯამში, მიიღებს 100 მანდატზე მეტს და NDI და IRI არც კი გაწითლდებიან. გარდა ამისა, ბარიერს გადალახავს კიდევ ოთხი ორგანიზაცია.




06.06.2016



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner