logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: შესაძლოა, ბლოკში სრულიად ახალი პოლიტიკური პარტია მივიღოთ!
- +

8 ივნისი. 2016. 22:19



„ბლოკის შექმნა ქვეყანაში შექმნილმა უთანასწორო  საარჩევნო გარემომ გვაიძულა", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


"ამ უსამართლო საარჩევნო გარემოს 6 პარტია უფრო დიდი ძალისხმევით დაუპირისპირდება, ვიდრე - ერთი. ჩვენ კვალიფიციური პარტია ვართ, მაგრამ ცესკო-ში წევრი არ გვყავს. შესაბამისად, წევრი არ გვყავს საარჩევნო კომისიებშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკურად დისკრიმინირებული ხარ. ვითხოვდით საარჩევნო ნომრის შენარჩუნებას, მაგრამ თურმე, არ გვეკუთვნის. ბატონი ვახტანგ ხმალაძე ხმალამოღებული იბრძვის, რომ კვალიფიციურ პარტიებს უფასო საეთერო დრო შეუმცირდეთ. საეთერო დროს, ჩვენს ხარჯზე, „რესპუბლიკური პარტია" და კოალიციიდან გასული სხვა პარტიები მიიღებენ. ეს დეტალები გვზღუდავს, როგორც პოლიტიკურ პარტიას", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


მისი თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.


"ჩვენს მიერ  შეთავაზებული ცვლილებებისთვის ხელისუფლებას სერიოზულად რომ შეეხედა, პარტიებს ჟანგბადი მიეცემოდათ. უმადური არ ვარ და ვაფასებ იმას, „ქართულმა ოცნებამ" თუ რამე კარგი გააკეთა , მაგრამ იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რაც ოპოზიციას განვითარებაში ხელს უშლის. ხელისუფლებამ მოგვატყუა და ჩვენი მოთხოვნები იგნორირებულ იქნა",  - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა.


როგორც მან აღნიშნა, ბლოკში გაერთიანებული პარტიები რეიტინგის მიხედვით არ შეურჩევია.


"ბლოკში გაერთიანებული პარტიები რეიტინგის მიხედვით არ შემირჩევია. შესაძლოა, ბლოკში სრულიად ახალი პოლიტიკური პარტია მივიღოთ, რომელიც არენაზე ახლა გამოდის და არავითარი რეიტინგი არ აქვს. თუ რომელიმე რეიტინგული ლიდერი მაჟორიტარად იყრის კენჭს და ბლოკს ხმას შემატებს, ეს ნამდვილად არ გვეწყინება, პირიქით - გაგვიხარდება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner