„ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ („GWP“) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, ივერთუბანში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალარინების მოწესრიგებული ქსელი ექნება.
„ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „GWP“-სთან ერთად, შესაბამისი პროექტი განვახორციელოთ. შედეგად, იქ მცხოვრებ 600 ოჯახს მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი ექნება. რაც კი საჭიროა, ეს უბანი ყველანაირად მოწესრიგდება - რეაბილიტირებული ქუჩებით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით და ა.შ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს სამუშაოები „GWP“-სთან ერთად ჩავატაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ივერთუბანში წყალარინების ქსელის მოწყობას თბილისის მერია „GWP“-სთან ერთად, მომდევნო წელს, თანადაფინანსებით განახორციელებს.
პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარი იქნება.