დღეს რუსთაველი პოეტის, ოთო გურგენიშვილის დაბადების დღეა. ტრაგიკულად გარდაცვლილ ახალგაზრდას 23 წელი შეუსრულდებოდა.
დუმბაძის ქუჩაზე, ოთო გურგენიშვილის საცხოვრებელ სახლში დღეს მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილეები ნოდარ შეროზია და ლაშა ლობჯანიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობრები და ჯგუფ ,,მეცამეტე თვის პოეტების" წევრებიც ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ახალგაზრდა გმირის ხსოვნას და მიუსამძიმრეს მის ოჯახს.
21 წლის ოთო გურგენიშვილმა, 2014 წლის 30 ივლისს, ლეონიძის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალ ავტომანქანას, მცირეწლოვანი ბავშვი აარიდა და თავად გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი.
ოთო გურგენიშვილის საცხოვრებელ ბინაში მისი სახელობის ,,პოეტური სახლია'' გახსნილი. რუსთავის მერის, დავით ჯიქიას ინიციატივით და თვითმმართველობის დაფინანსებით, გამოიცა ახალგაზრდა პოეტის ლექსების კრებულიც.
სამოქალაქო თავდადებისათვის ოთო გურგენიშვილი სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მედლით დააჯილდოვა.