შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ კურსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მსგავსი კატეგორიის დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ვგულისხმობ და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მინიმალურად იყოს დაყვანილი მსგავსი კატეგორიის დანაშაული. ჩვენი მხრიდან, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება, ვთანამშრომლობთ ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა კახა საბანაძემ.
დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს პროგრამის - „HELP“ - ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალი კურსის პრეზენტაცია იმართება. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა. კურსი განკუთვნილია პროკურორებისთვის, მოსამართლეებისა და გამომძიებლებისთვის.