logo_geo
eng_logo
კახა გოგოლაშვილი: დღეს მეტი შანსია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დადებითად დაგვირგვინდეს
- +

9 ივნისი. 2016. 01:23


 

„ქართული კრიმინალური დაჯგუფებების საკითხი გერმანულ მედიაში მუსირებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ოფიციალური პოზიცია არ გაცხადებულა," - განაცხადა "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა გადაცემა 2030-ში.


"არავინ იცის, ვინ არის ინიციატორი და ამ საკითხის ლობირებას რა ძალები ახდენენ, მაგრამ გერმანიის მაღალი პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია, საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიენიჭოს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.


მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას, მესამე ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შერბილების ან გაუქმების საკითხის მიმართ ნეგატიური განწყობები აქვს და მთავრობებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.


"დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეფერხების პროცესში რუსეთის ხელიც ურევია და რუსული პროპაგანდისტული მანქანა ღია თუ ფარული მეთოდებით მოქმედებს, მაგრამ ეს ძირითადი ფაქტორი არ არის. არსებობს სხვა ფაქტორებიც. ყოველთვის არსებობდა რისკი, რომ ევროპაში არსებული მდგომარეობა, რაც დევნილთა მძლავრ კრიზისს უკავშირდება, თავის უარყოფით შედეგს გამოიღებდა და საქართველოსა და უკრაინას ვიზალიბერალიზაციის პრობლები შეექმნებოდა. სამწუხაროდ, ამ პროცესში თურქეთი და კვაზისახელმწიფო, კოსოვოც შემოვიდა, რაც პროცესს კიდევ უფრო ართულებს", - განაცხადა გოგოლაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებმა უვიზო რეჟიმის სწრაფი გაუქმების მექანიზმის აუცილებლობა დააყენეს არა საქართველოს, არამედ თურქეთის გამო, რომელმაც უვიზო რეჟიმი მოითხოვა.

 

" სანამ ეს მექანიზმი არ ამოქმედდება, რიგი ქვეყნები ცდილობენ, ახალ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არ მისცენ. საუბარია იმაზეც, რომ ფორმალურად, საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიანიჭონ, მაგრამ იმ პირობით, რომ ის მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმის სწრაფი გაუქმების შესაძლებლობაზე  საერთო კანონს მიიღებს", - განაცხადა "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა.


მისი თქმით, დღეს მეტი შანსია იმისა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დადებითად დაგვირგვინდეს.


"დღეს მეტი შანსია იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დადებითად დაგვირგვინდეს. თუ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არჩევნებამდე მიიღება, საქართველოში ევროპის მიმართ პატივისცემა და ევროპული გავლენა გაიზრდება, რაც ევროკავშირის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner