„არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს იწვევს:
„თქვენო უწმინდესობავ, „არგენტინის სახლმა საქართველოში“ ა.წ. 1 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს გადმოსცა თქვენი მოწვევა. შეგახსენებთ, რომ ამა წლის 18 ნოემბერს 17 საათზე მოწვეული ბრძანდებით საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (ლადო გუდიაშვილის ქ.N7) თქვენს მიერ დალოცვილი „არგენტინის სახლი საქართველოში“ მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის სუბ-რეგიონული ბლოკის „მერკოსურის“ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებს შორის კულტურული, სპორტული, ტურისტული, საქმიანი და სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. აგრეთვე, პროექტის მიხედვით, ღონისძიებების განხორციელებას, რომელშიც უმთავრესი ადგილი უკავია „მერკოსურის“ ქვეყნებთან თანამშრომლობით საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგებისა და ტურიზმის განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების შექმნას; ფეხბურთისა და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას საქართველოში - “ფეხბურთი, როგორც დროთა კავშირი მშვიდობისა და მეგობრობისათვის“ პროექტის ფარგლებში, - „პელეს თასზე“, პელეს ვიზიტსა და არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პირველი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას და სხვა.
თქვენთან ერთად პრეზენტაციაზე მოწვეული არიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი გენერალური მდივანი ბ-ნ კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ბ-ნ ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. აგრეთვე, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.
თქვენო უწმინდესობავ, სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციაზე თუ შეძლებთ მოსვლას, თქვენი ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ დასახული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებას“, - განაცხადა პატარქალიშვილმა.