logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს ემსგავსება
- +

17 ნოემბერი. 2019. 10:41

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საპყრობილიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.

 

ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ტრაგიკულია, როდესაც მთლიანად ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს და იზოლატორს ემსგავსება, ეს კი იმ პირობებში, როდესაც გადასასვლელებიც ჩაკეტილია.

 

მინისტრს იმედი აქვს, რომ „ამ საქმის მონაწილეები გააცნობიერებენ, რა სიმძიმის ქმედებასთან გვაქვს საქმე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდება უკანონოდ დაკავებული ექიმი“. ასევე აღდგება ქართველებისთვის და ოსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმოსვლა.

 

„გაფრინდაშვილის დაკავების დღიდან მთავარი პრიორიტეტი უკანონო ტყვეობიდან მისი დახსნაა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ასევე ფორმალური და არაფორმალური არხი ჩართულია. თავისთავად ყველა დაკავება არის უმძიმესი ფაქტი, მით უმეტეს ექიმის, რომელიც თავად მკურნალობს ოსს, აფხაზს და სხვა ეროვნების წარმომადგენელს.

 

ვიცი, რომ ბევრი ოსისთვის ეს არის ღირსების შემლახველი, რადგან ეს დაცლილია ადამიანის, ჰუმანურობის პრინციპებისგან და რაიმე რაციონალიზმისგან. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფება უკანონო პატიმრობაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

 

რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, ექიმის დაკავების საკითხს განცხადებები მოჰყვა საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა.

 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

 

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner