logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: იმ ადამიანებისთვის, ვინც მაწამა, პასუხი არ მომითხოვია!
- +

16 ნოემბერი. 2019. 20:52

 

 

 

შსს-ს აკადემიის პრორექტორი,  მსოფლიოს მრავალგზის  ჩემპიონი ჭიდაობაში, ლუკა კურტანიძე:

 

- ლუკა, „მთავარ არხზე“ თქვენს კომენტარს უმადური ადამიანების გატყავებისა და კოცონზე დაწვის შესახებ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასეთი რეაქცია რით იყო განპირობებული?

 

- მოკლე შესავალს გავაკეთებ: "მთავარი არხი" ანტისახელმწიფოებრივად განწყობილ ადამიანებს აერთიანებს. ისინი, ქვეყანაში, ძალიან დიდი ნეგატიურ ძვრებს იწვევენ. ეს ბირთვი გახლავთ, პირველ რიგში, გვარამია - ყოფილი გენპროკურორი და სააკაშვილის გოშია, მისი მონა-მორჩილი გაბუნია, რომლის განცხადებამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, უამრავი ადამიანი დაზარალდა, რომელიც ფინანსურად ტურისტების ჩამოსვლაზე იყო დამოკიდებული. საქართველომ დიდი ზარალი ნახა, რაც პირდაპირ აისახა არა გაბუნიაზე, გვარამიაზე, ან ნოდარა მელაძეზე, არამედ ქართველ ხალხზე, რომელმაც ბანკისგან ვალი აიღო. გვარამია, გაბუნია და სხვანი ზღვისპირეთში თუ ჩავლენ, არ მგონია იქედან საღსალამათნი დაბრუნდნენ. იმიტომ, რომ მოსახლეობას ეს ვალები მათი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ტვირთად დააწვა. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია. იგი წლებია საქართველოს ნელ-ნელა იტაცებს, მაგრამ არასწორმა პოლიტიკამ სიტუაცია უფრო მეტად არ უნდა გაართულოს. ევროპაც წნეხის ქვეშ არის იმიტომ, რომ რუსეთზეა დამოკიდებული. მას, ჩვენ შორის, ოქროს შუალედის მოძებნა უწევს. ეს შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ გამოვკვეთო რა ხალხთან მაქვს საქმე. "მთავარი არხიდან" მელაძემ დამირეკა. ჩემს გამონათქვამს შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. ის კატეგორია მლანძღავდა, რომელიც დღე და ღამე ავადმყოფი მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებაზე ოცნებობს, რათა ისევ მისი დრო დადგეს და ქართველი ერი უფრო შემართებით დააჩოქოს. ეს არ მოხდება, რადგან არსებობს ხალხი ვინც სამშობლოს ამ ვიგინდარებისგან სიცოცხლის ფასად დაიცავს. ეს ნაძირლები მუდმივად ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. ბატონი ბიძინა მხოლოდ სახელი და გვარი, ან კონკრეტული ერთი პიროვნება არ გახლავთ, არამედ ეს არის იდეა, რომლის ქოლგის ქვეშ უამრავი ადამიანი ერთიანდება. გვარამია და მისთანანი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებით მთელს მსოფლიოში არყევენ საქართველოს იმიჯს და სახელმწიფოებრიობას. ივანიშვილი ილია ჭავჭავაძეს შევადარე. მაშინვე გამოხტნენ და ქილიკი დაიწყეს: კურტანიძემ, საერთოდ, თუ იცის ილია ვინ არისო. დიახ, მე, ძალიან კარგად ვიცი ილია ჭავჭავაძე ვინ არის. დიახ, კარგად ვიცი ერის კაცები, რომელთაც საქართველოს საამაყო მემკვიდრეობა დაუტოვეს. ილია ერის საქმეს აკეთებდა, ხოლო მაშინდელი საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრების ნაწილი მას ძირს უთხრიდა. რიგი პოლიტიკური პარტიები მას ებრძოდნენ. გარკვეული ადამიანები მის მკვლელობას ამზადებდნენ. ილიას ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა მას საგურამოს სახლიდან ეზოში გამოსვლაც კი არ უნდოდა იმიტომ, რომ გრძნობდა რაც მზადდებოდა. სწორედ ბერბიჭაშვილებმა - სააკაშვილის ჯიშმა და ჯილაგმა მას შუბლი გაუხვრიტეს. მერე, აღმოჩნდა, რომ თურმე ილია ყოფილა გენია, ერის მამა და ბოლოს, ყველამ ერთად წმინდანად ვაღიარეთ. ილია ჭავჭავაძის სურათი სააკაშვილს - ამ ნაძირალას კაბინეტში ეკიდა და ამ დროს მკვლელობებს, დანაშაულობებს სჩადიოდა, რასაც ილია, ყოველთვის, ეწინააღმდეგებოდა. მიშა ხალხს აუპატიურებდა, ოჯახებს ღირსებას უყრიდა. სწორედ ამ საქმეს მსახურებენ მელაძეები, გვარამიები, გაბუნიები და ა.შ. ბერბიჭაშვილის სისხლი არსად გამქრალა, აქ ტრიალებს, აი, ასეთ ცოდვით სავსე ადამიანებში. ხალხის უმადურებაც მაგიჟებს. ივანიშვილის დონის ქველმოქმედი ძნელად მოსაძებნია. ავიღოთ, ბოლო ორი პროექტი - აბასთუმანისა და წყალტუბოს აღორძინება. აქ, შენობა-ნაგებობები ინგრევა, გაიძარცვა, ისტორიის გარდა აღარაფერი დარჩა. ამ ისტორიიდან ერის კაცი ძალიან დიდ პროექტს იწყებს, რომელიც ჩვენს შვილებს, მომავალს, ქვეყანას მოხმარდება.

 

- თქვენმა კომენტარმა მხოლოდ მიშას მომხრეები აღაშფოთა? თანაგუნდელები როგორ შეხვდნენ ამ განცხადებას?

 

- მოგახსენებთ. მეგობრებმა, ვითომ, კეთილის მოსურნეებმა პირდაპირ მითხრეს: ასეთ კატეგორიულ განცხადებებს ნუ აკეთებ, ისევ, შენთვის იქნება ცუდიო. არ მესმის, რატომ იქნება ცუდი?! რადგან შსს-ს პრორექტორი ვარ, ამიტომ ერის კაცის პოზიცია არ უნდა დავიცვა? მეტსაც გეტყვით: ბიძინა ივანიშვილს ილიას და ყველა ერისკაცს შევადრი. მას სხვაზე ნაკლები, თუ მეტი არა, ნამდვილად არ აქვს სამშობლოსთვის გაკეთებული. თანამდებობის გამო რომ გავჩუმდე და ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ დავიცვა, ასე, აშენდება ქვეყანა? ის რაც ვთქვი უმადური ადამიანების გატყავებასა და კოცონზე დაწვის შესახებ, ჩემი ემოციაა. დიახ, ძველ ევროპაში _ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ა.შ. ასე ხდებოდა, როცა სახელმწიფოებრიობას საფრთხე ექმნებოდა - ხალხს ატყავებდნენ და კოცონზე წვავდნენ. თავად გავიარე რეპრესიები, პოსტ-ტრავმული პერიოდი, მაგრამ პირადად მე, ვინც ძელს მაცვა, მაწამა, ამ ადამიანებისთვის არც პასუხი მომითხოვია, არც გამიტყავებია და არც კოცონზე დამიწვავს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს შეურაცხმყოფლებს არ დავინდობ. ბიძინა ივანიშვილი უდიდეს ქველმოქმედებას ეწევა, ყოველ წამს იმაზე ფიქრში ატარებს, კიდევ რა სიკეთე გაუკეთოს თავის ქვეყანას. მისი შვილების, ოჯახის სიკეთე მსოფლიოში არსებულ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებსაც წვდება. მარტო ლუკა კურტანიძის კი არა, ყველას ვალია ერის კაცის ოჯახს გაუფრთხილდეს. თანამდებობა დროებითია. ერის კაცის იდეას სიცოცხლის ფასად დავიცავ. ამის გამო, ბევრი, ალბათ, მაქილიკებს. ეს სექტა გაღიზიანებულია. ვიმეორებ: ბერბიჭაშვილების სისხლი არსად იკარგება. ჩემი პრორექტორობა დროებითია. ხმის ამოუღებლობა ძალიან დიდი შეცდომაა. ივანიშვილი ის იდეაა, რის ირგვლივაც ქვეყანაში, ბევრი პრობლემების მიუხედავად, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა. ქვეყანაში უამრავი რამ კეთდება. ავიღოთ, რიკოთის უღელტეხილი, სადაც მსოფლიო მასშტაბის პროექტი ხორციელდება, პლუს აბასთუმანის, წყალტუბოს რეაბილიტაცია, ასევე, ქუთაისის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ქალაქად გარდაქმნა. ასე მგონია, მთელი ქვეყანა ივანიშვილის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს, რათა მას რაიმე ავი არ შეეხოს. აი, ეს განწყობა მაქვს. აი, ამ იდეას ვიცავ. უმადური ხალხი კი ივანიშვილს, მის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებს, არადა ერის კაცი ყველაფერს ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის აკეთებს. ამიტომაც მქონდა რეაქცია ამ უმადურობაზე. შუა საუკუნეებში ასეთ ადამიანებს ჯერ ატყავებდნენ, შემდეგ ძელზე აკრავდნენ და კოცონზე წვავდნენ, რათა მათ მიწა არ შეეწუხებინა თ. ადამიანების ამ კატეგორიას ზუსტად ასე უნდა მოექცე. მაგრამ ახლა, 21-ე საუკუნეა, მსოფლიო შეიცვალა. ამ მიმართულებით, ყოველთვის, რადიკალური ვიქნები. ეს უმადურობა ოდითგანვე მოგვსდევს - სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე, მწერლები ერის სამსახურში იფერფლებოდნენ, ჩვენ კი ცოცხლად ვჭამდით. ასე ექცევიან ივანიშვილსაც. მის ეროვნულ იდეას მიწასთან ასწორებენ. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს ტყვიით მოკლავ თუ სიტყვით. ვისაც სინდის-ნამუსი, ეროვნული ღირებულებები არაფრად მიაჩნია, დღეს, სწორედ ასეთი ადამიანები ბოგინებენ. ამიტომ, მინდა, ყველას მოვუწოდო: მინისტრობა, პარლამენტის წევრობა თუ სხვა იერარქიული მდგომარეობა არაფერია იმასთან, რასაც ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. ამიტომ, ყველამ ხმა ამოიღეთ. მარტო ერთმა ლუკა კურტანიძემ კი არ უნდა ამოიღოს ხმა, არამედ ყველამ. არადა, ერის კაცის გუნდის წევრები პირიქით, ხმის ამოღების ნაცვლად, აქეთ, მე, მიწყებენ ქილიკს - რა განცხადებებს აკეთებ, თანამდებობის პირი ხარო. ბოდიში, მაგრამ ყველა თანამდებობისთვის მიმიფურთხებია თუ ამ დიდ იდეას არ გავუფრთხილდებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა: გადავხედოთ განვლილ ისტორიას. ჩვენი სიჩუმით ქვეყანა სადამდე მივიყვანეთ, კარგად ვხედავთ. ამიტომ, თუ ვინმეს ძალა შეგვწევს, ხმა ამოვიღოთ. სიტყვის თავისუფლება და ცილისწამება ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. როცა პარლამენტარი ვიყავი, ვითხოვდი: ცილისწამებაზე აუცილებლად კანონი შემოგვეღო. თუ ადამიანს უსაფუძვლოდ ცილს სწამებ, მას სიტყვით კლავ და ეს დასაბუთებული არ არის, ასეთი ქმედება დასჯადი უნდა იყოს. საქართველომ ეს კანონი უნდა აღადგინოს. ეს კანონი სააკაშვილის დროს გაუქმდა, რადგან ასე მის ჯგუფს, "კმარას" და სხვა სექტანტებს საშუალება ეძლეოდათ ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის იხარჯებოდნენ, უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ. მერე, კარდაკარ უნდა გევლო და შენი სიმართლე გემტკიცებინა. ამიტომ, უსაფუძვლოდ, ადამიანის ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს. ავიღოთ, თუნდაც, "მთავარი არხი" - ენაზე რაც მოადგებათ, ყველაფერს ლაპარაკობენ, ასე როგორ შეიძლება?! ასე, საქართველოს მომავალი არ ექნება. ჩვენ, მორჩილი კი არა, ბობოქარი, ემოციით სავსე, დიდი ენერგიის ერი ვართ. ამიტომ, მას მორალი თუ არა, კანონი უნდა აჩერებდეს. ჩვენ, კანონს ვემორჩილებით. ადრე, ღვედებს არ ვიკეთებდით, ახლა, ხომ ვიკეთებთ, წითელ შუქნიშანზე არ ვჩერდებოდით, ახლა, ხომ ვჩერდებით? ცილისწამების შემთხვევაშიც ასე უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მომავალი თაობა უყურებს. საქართველოში, დღეს, ფსიქოზია. ერი, უკვე, აშლილია, გასაქანი არ არის, შეიძლება, ეს, სადმე, ძალიან ცუდად აფეთქდეს. ამიტომ, ეს კანონი დროულად უნდა შემოვიღოთ. როცა ერის კაცს მიწასთან ასწორებენ, ადამიანებს ვინც ქვეყნისთვის იხარჯებიან, იფერფლებიან საშინელებებს აბრალებენ, პატრიარქს არ ინდობენ, ლუკა კურტანიძეს დაინდობენ ან თქვენ, დაგინდობენ? ვის დაინდობენ? ეს ის საზოგადოებაა, რომელიც თანამდებობაზე მოკალათებისა და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფერზეა წამსვლელი. კიდევ ვიმეორებ: ბიძინა ივანიშვილს მარტო სიტყვით კი არა, სიცოცხლით გადავეფარები. თუ ვინმესთვის დისკომფორტია, რომ მე, პრორექტორი ვარ, გამიბედოს და მითხრას, ჩემგან საკადრის პასუხს მიიღებს. აკადემიის ეზოში რომ შემოვდივარ, აბსოლუტურად, აპოლიტიკური ვხდები. არცერთი პოლიციელისთვის, თანამშრომლისთვის ჩემი პოლიტიკური მოსაზრება თავს არასდროს მომიხვევია, მათ შორის, არც წინასაარჩევნოდ, რაც გარკვეულწილად, როგორც ოფიცრის ჩემი ვალდებულებაა. მე არ ვარ მონა, არამედ თავისუფალი მოქალაქე გახლავართ და ჩემი აზრი გამაჩნია. მომავალ პოლიციელებს მოვუწოდებ: ყოველთვის, კანონი დაიცვან, მაგრამ ამასთან ერთად არ დაავიწყდეთ მორალი, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზეა აგებული. კანონისა და მორალის სინთეზი ქვეყნის გამარჯვების საწინდარია. ასევე, მათ ვეუბნები: არ მოკლან, არ დაასახიჩრონ, არამედ მართალი, დაჩაგრული ადამიანი დაიცვან, არ შელახონ მისი ღირსება. მე, ასე ვზრდი. ვისაც ჩემი პრორექტორობა აწუხებს, მეც და ის საზოგადოებაც რომელიც ჩემს ზურგს უკან დგას, საკადრის პასუხს გავცემთ. ყველას გადავთელავთ, ვინც ჩემი ერის დაჩოქებას გადაწყვეტს იმ ამორალური ქმედებებით, რაც სამშობლოს ზიანს აყენებს. ეს არის ჩემი გულწრფელი აღიარებაც, აღსარებაც, განმარტებაც და ყველაფერი.

 

- ლუკა, თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ უმადური ერი ვართ?

 

- დიახ, ეს მთელი ეპოქაა. ჩვენ, დემოკრატობანას ვთამაშობთ. დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რომ ერმა რაც გაგაჩნია დაკარგო და სახეშეცვლილმა იცხოვრო. ამერიკელს და დანარჩენ მსოფლიოს იმიტომ ვაინტერესებთ, რომ განსხვავებულნი ვართ ეროვნული ღირებულებებით, საინტერესო ისტორია გვაქვს და ა.შ., თორემ, დუბაის და ნიუ-იორკს ცათამბჯენების შენებით ნამდვილად ვერ დავეწევით. ჩვენი ღირებულებები, ფასეულობები უნდა შევინარჩუნოთ. საქართველოზე ათჯერ მრავალრიცხოვანმა ერებმა, რომელთაც ღირებულებები დაკარგეს, საერთოდ გაქრნენ. ეს სახელმწიფოები დღეს აღარ არსებობენ. რით ვინარჩუნებთ სახელმწიფოებრიობას? - ღირებულებებით, ხომ. კარგი რაც გვაქვს იმას არყევენ და უნდათ, რომ ტიტლიკანა ქალი და კაცი პარადებს აწყობდეს. არავის ვერჩი. მთავარია, ადამიანს სამშობლო უყვარდეს, მისი პირადი არ მაინტერესებს, მას არასდროს დავჩაგრავ, მაგრამ როცა ამის რეკლამირებას იწყებს და ეს გარყვნილებაში გადადის, აი, მაშინ მაქვს პროტესტი. რა საჭიროა ამის აფიშირება. მე ხომ არ ვამბობ: რა კარგი კაცი ვარ, მოდი ძლიერი, მაგარი კაცების პარადი გავმართოთ-მეთქი. ასე, ხომ არ ვამბობ? ყველა რაღაცით ვართ ძლიერი, ყველას საკუთარი მისია გვაქვს, ვიცხოვროთ ჩვენთვის მშვიდად. კიდევ უნდა გავიმეორო: პარლამენტში ზოგ-ზოგიერთები აფიქსირებენ თუ რამდენად დიდი დემოკრატიული ღირებულებებით ცხოვრობენ და თითს მიქნევენ: როგორ შეიძლება ასეთი ემოციური განცხადება გააკეთო, შენ ხომ თანამდებობის პირი ხარო. თანამდებობის პირებს ფრთები აქვთ, დაფრინავენ თუ რა ხდება? მოვუწოდებ: ყველა ქვევით დაეშვას და პარლამენტში როგორ მოხვდნენ ამაზე დაფიქრდნენ. ისინი ხომ ბიძინა ივანიშვილის ულევი სიკეთისა და სახელმწიფოებრივი მიდგომების წყალობით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩამოდით ცოტა ქვევით და ერისთვის გასაგები ადამიანური განცხადება გააკეთეთ. ისე ნუ წარმოაჩენთ თავს, თითქოს, ევროპაში გაჭრილი დიდი პოლიტიკოსები ხართ. არა, თქვენ შემოგევლეთ, ეგრე, არ არის. თქვენი თანამდებობები დროებითია, ხოლო საქმეები რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, საუკუნეებს გაუძლებს. აი, რას უნდა გავუფრთხილდეთ. არ მინდა კონკრეტულ პირებზე ვისაუბრო-ხოლმე, მაგრამ გუბაზ სანიკიძის უმადურობის, ნაძირლობის შემხედვარე თავს ვერ ვიკავებ. დააკვირდით, როგორ ამაზრზენად საუბრობს გვარამიასთან სტუმრობისას. მისი საქციელი გულისამრევია. გვარამიას - ამ ნაძირალასაც კი არ სჯერა მისი. სანიკიძის და მისნაირების ადგილი სანაგვეშია. დიახ, ასეთ ადამიანებს, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, ერი უნდა გაემიჯნოს.

 

ყველამ კარგად დაიმახსოვროს: თანამდებობა, ჩემთვის, არის ხელბორკილები. როცა თანამდებობა აღარ მექნება და სახელმწიფო მოხელე არ ვიქნები აი, მაშინ ნახოს ყველამ რას გააკეთებს ლუკა კურტანიძე? - ამ უმადურებს, ნაძირლებს სადაც წამოვეწევი იქ გავატყავებ. მათ ამორალურ სახეს ყველა დაინახავს. ყველამ იცის, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვარ. სამი ათწლეულია მსოფლიოს ვაგებინებ, რომ საქართველო უძლიერესი ერის ქვეყანაა. ერთი თვის წინ მსოფლიო ჩემპიონობა მეხუთედ მოვიპოვე. ამას ვერცერთი თანამდებობა ვერ შეედრება. ვიმეორებ: თანამდებობა, ჩემთვის, ხელბორკილია, თუ გნებავთ, პირბორკილიც დაარქვით, ან სიტყვის ბორკილი. ეს თანამდებობა რომ აღარ მექნება მერე, ნახეთ როგორი იქნება მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე. ათასობით ქვეყნის წარმომადგენლები ჩემი დროშისა და ჰიმნის დროს ფეხზე დგებიან. ამას ვაკეთებ. ეს არის ჩემი მისია - ვემსახურო ჩემს ერს და სამშობლოს. დიახ, ჩემი სალი კლდეები მილიონებზე არასდროს გამიცვლია, არადა სხვადასხვა ქვეყნებიდან ასეთი შემოთავაზებები მქონდა. ჩემი მთები, ჩემი ქვების გროვა, როგორც სამაჩაბლოზე სააკაშვილმა თქვა, სხვა ქვეყნის დიდებაზე არ გამიცვლია. ეს გინდ ამპარტავნებაში ჩამითვალეთ, გინდ ქედმაღლობაში. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემი ისტორია მოიძიოს და დარწმუნდება, რომ ჩემი სალი კლდეები დანარჩენ მსოფლიოზე არ გავცვალე. ჩემი ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანი ვარ და ეს 12 ოქტომბერს დავამტკიცე, როცა მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გავხდი. ჩემთვის არცერთი თანამდებობა ბარიერი არ არის.

 

- ლუკა, რამდენიმე თვის წინ ივანიშვილმა ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაზე ისაუბრა. სწორედ, ამის მერე დაესხნენ თავს "პრო-დასავლელები". არადა ამ ღირებულებებს ევროპაში ყველა ქვეყანა უფრთხილდება.

 

- წინ ძალიან დიდი ბრძოლები გველის. 12 წელი ევროპაში, გერმანიაში ვცხოვრობდი. ვიცი მათი ეროვნული ღირებულებები. მათგან ბევრი ვისწავლე. ამერიკის მადლიერი ვარ, როცა რუსეთი ტერიტორიებს გვართმევდა, გვბომბავდა, ძალიან დაგვეხმარა. მინდა ყველას ვთხოვო: ჩვენ, ქართველები ვართ, ჩვენი ფასეულობები, ინტერესები გვაქვს. მოდი სინთეზი მოვახდინოთ, მათგან, კარგი რაც აქვთ, ის გადმოვიღოთ. ჩვენ, ძალიან მცირერიცხოვანი ერი ვართ. არა მარტო 150 პარლამენტარი, არამედ თითოეული ჩვენთაგანი პოლიტიკას ვქმნით. ჩვენს სფეროში ყველა გამორჩეული ვართ. ისეთი დიპლომატიური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რომ ყველასგან ნაკლები ნეგატივი მივიღოთ. ერი არ უნდა დავაზარალოთ.

 

- ერთ წელიწადში არჩევნებია. როგორ ფიქრობთ, "ნაცები" არჩევნების გზით უნდა დავამარცხოთ თუ ჩადენილი დანაშაულობებისთვის პასუხი ვაგებინოთ?

 

- ივანიშვილმა თქვა: ერი გაერთიანდესო. ეს სეგმენტი, სამწუხაროდ, არსებობს და სულ იარსებებს. „ნაცები“ თუ არ ერქმევათ, სხვა სახელწოდებით მოგვევლინებიან, მაგალითად, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და ა.შ. სისხლში ხომ არის სხვადასხვა ფერმენტები. ერი ხომ რაღაცით მოძრაობს, ნაცების ფერმენტებიც ყოველთვის იარსებებს, ხვდებით. აგერ, „რუსთავი 2“ იმ სახით აღარ არის, მაგრამ არის „მთავარი არხი“. ანუ ეს სეგმენტი ყოველთვის იქნება. ახლა, მოსახლეობას, ნულოვანი ბარიერის პირობებში მეტი არჩევანი იქნება. თავიდან, მეც, პოსტ.ტრავმული მდგომარეობა რომ მქონდა, მათ მიმართ საკმაოდ რადიკალური ვიყავი, მაგრამ ამას მტკივნეულად არ უნდა შევხედოთ. ვიმეორებ: ბერბიჭაშვილების სეგმენტი, სექტა ყოველთვის იქნება. მაგრამ ჩვენ ჩვენი ძალაც კარგად ვიცით - ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული, სიკეთეზე ორიენტირებული ძალა, რომელსაც წინ ვერავინ დაუდგება.

 

 

თამარ შველიძე

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner