პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვრიკაშვილმა „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსად კახი კალაძე წარადგინა.
„დღეიდან გადავდივართ წინასაარჩევნო პერიოდზე, ოთხი თვე გვაშორებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ღირსეულად უნდა გავიაროთ და დავამტკიცოთ ის მაღალი დემოკრატიული სატანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები როგორც საპრეზიდენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნების დროს. ეს სტანდარტი არათუ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უნდა გავაუმჯობესოთ. სწორედ ამიტომ მინდა, რომ დღეს წარმოგიდგინოთ საარჩევნო შტაბის უფროსი კახი კალაძე, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას აქვს ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერული თვისებები და გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვენლოვანი იქნება ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო პერიოდის ღირსეულად ჩატარებისა და გამარჯვების მოსაპოვებლად. კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მივაღწიოთ ღირსეულ გამარჯვებას, რაც თავისთავად საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს.
წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა, იყოს ვნებათაღელვაც. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს. ამ მიმართულებით ჩვენ, როგორც სახელისუფლო ძალას, გაათმაგებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, უპირველეს ყოვლისა, ამომრჩევლის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშეც. სხვა პოლიტიკურ ძალებსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას, რადგან მომავალ არჩევნებსა და მისი დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება მომავალი 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატება უსურვა კახი კალაძეს და „ქართულ ოცნებას".
„ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ვართ ყველაზე სტაბილური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ და ამავე დროს სტაბილურ განვითარებას, რომელიც მოიტანს უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.