სამნახევარი თვის წინ დავწერე, „ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური ზრდის მოდელი" 2013 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის გარდაუვალ შემცირებას გულისხმობდა-თქო. მხედველობაში მქონდა ეროვნული ბანკის 2010 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, სადაც 2013 წლიდან ეკონომიკის ზრდის შემცირება, ლარის მკვეთრი დევალვაცია, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა წინასწარვე იყო გაცხადებული. ამ დოკუმენტში, ე.წ. საბაზისო სცენარის მიხედვით(ანუ გარე შოკების არარსებობის პირობებში) ეკონომიკის ზრდის ტემპი 2012 წლის შემდეგ 5%-ს ჩამოსცდებოდა, 2019 წლიდან 4%-ს მიუახლოვდებოდა და 2026 წლიდან 3.5%-ზე გრძელვადიანად (?!!!!!) დასტაბილურდებოდა. კიდევ უფრო დრამატული იყო ალტერნატიული სცენარები, სადაც, გარე შოკების მოხდენის შემთხვევაში, ლარის 30%-იანი დევალვაცია, ეკონომიკის ზრდის ტემპის კიდევ უფრო მკვეთრი კლება (3%-ის მიდამოში) და ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტი იყო პროგნოზირებული. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამის გადამოწმება ეროვნული ბანკის ვებ-ვერდზე შეგიძლიათ.
მაგრამ არათუ მხოლოდ ქადაგიძე, თავად მიხეილ სააკაშვილი უკვე 2011 წლის ოქტომბერში მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში პირდაპირ მიუთითებს (ვციტირებ): „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში შემუშავებულია სათადარიგო სცენარი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ეკონომიკა 2012-2014 წლებში 0-3%-ით იზრდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა მცირდება იმავე პერიოდის განმავლობაში". - ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი.
ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა! მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ამავე დოკუმენტის მიხედვით, გარე შოკების არარსებობის პირობებშიც კი, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის ზრდის ოპტიმისტური პროგნოზი (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP) მკვეთრად ჩამორჩება იმ შედეგს, რაც ახალმა ხელისუფლებამ ძლიერი გარე შოკების ფონზე უკვე მიაღწია.
სააკაშვილის 10-პუნქტიანი გეგმის მე-5 გვერდზე ვკითხულობთ: „საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის მიხედვით (PPP) თითქმის გაორმაგდება 2015 წელს 2005 წელთან შედარებით". ხომ კარგი ნათქვამია - „გაორმაგდება!", მაგრამ ეს სინამდვილეში გულისხმობს, რომ 2015 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე „მსყიდვეულნარიანი მშპ-ს"(PPP) დონე, ძველი გაანგარიშებით თითქმის 8000, განახლებული ვარიანტით კი 8 656 საერთაშორისო დოლარზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.
დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს მშპ (ppp) ერთ სულზე 9629.961 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა, ანუ არათუ „თითქმის გაორმაგდა", 2005 წლის დონეს 122.5%-ითაც ჭარბობს.
P.S. წყარო:
1. „საქართველოს სტრატეგიული განვითარების „ათპუნქტიანი გეგმა" - მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის 2011-2015" , 2011 წ. ოქტომბერი. გვ5.
http://gov.ge/.../234_33014_795823_PM-10P-Plan-short-final.pdf
2. საქართველოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში 2010. გვ 22-27
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=351
3. საერთაშორისო სავალუტო ფონდი
http://www.imf.org/.../p.../ft/weo/2016/01/weodata/weorept.aspx...