იმერეთის რეგიონში, სოფლებში - სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ხანძარი ჩაის ბუჩქებს გაუჩნდა.
„ქრობის პროცესში ჩართულია 8 ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობას ღამის განმავლობაში ძლიერ ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.