logo_geo
eng_logo
არჩევნები-2016 ციფრებში
- +

9 ივნისი. 2016. 11:14


2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მე-9 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 

ბოლო მონაცემებით (2016 წლის 1 მაისი), საქართველოში 3 473 316 ამომრჩეველია.



არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კვალიფიციურმა და არაკვალიფიციურმა (რომელთაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში) საარჩევნო სუბიექტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით არაუგვიანეს 1 აგვისტოს უნდა მიმართონ.



ამის შემდეგ მათ მხარდამჭერთა სიებისთვის განკუთვნილი სპეციალური ბლანკები გადაეცემათ. კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა, სულ ცოტა, 1000 ამომრჩევლის სია უნდა წარმოადგინონ; ხოლო არაკვალიფიციურებმა - 25 ათასი ხელმოწერა. მხარდამჭერთა სიების წარდგენის ბოლო ვადაა - 15 აგვისტო.



ჯერჯერობით ცესკო-სთვის არც „ქართულ ოცნებას" და არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არ მიუმართავთ. კვალიფიციურ სუბიექტებს, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ, შეუძლიათ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღის ვადაში მიმართონ ცესკო-ს.



ბოლო მონაცემებით, 26 პოლიტიკურმა პარტიამ უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში მონაწილეობის სურვილით და აქედან ხუთმა გაიარა რეგისტრაცია. ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებული პარტიებია: „სახალხო ხელისუფლება", „დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისთვის", „ზვიადის გზა, უფლის სახელით", „საქართველო", „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა".



პარლამენტში მოსახვედრად ნებისმიერმა პარტიამ უნდა გადალახოს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი.



მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმაც ხმების არანაკლებ 50 პროცენტი ან მეტი მიიღო.



საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. კონსტიტუციის მიხედვით, მათგან პროპორციული სისტემით არჩეულია 77 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარულით - 73.



კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.



იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს, პარტიამ პარლამენტში 113 დეპუტატი უნდა გაიყვანოს.



კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერისა და მთავრობის არჩევისთვის საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 150-დან 76 ხმა.



არჩევნების დღეს, 8 ოქტომბერს, 00:00 საათიდან ტელევიზიასა და რადიოს ეთერში აკრძალულია ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება. ასევე აკრძალულია აგიტაცია კენჭისყრის შენობაში.



კენჭისყრა 20:00 საათზე სრულდება. ამ დრომდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.



კანონმდებლობის მიხედვით, პარტიებს, რომელთაც პროპორციული წესით ჩატარებულ წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და პირველ სამ ადგილზე გავიდნენ, შეუძლიათ თავიანთი ძველი საარჩევნო ნომრები შეინარჩუნონ. დანარჩენი პოლიტიკური პარტიების ნომრები განისაზღვრება წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე.



პარტიული სიები საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე უნდა წარადგინონ.



იმ მინისტრებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, თანამდებობები პარტიული სიის წარდგენის მომენტისთვის უნდა დატოვონ.



რაც შეეხება სხვა თანამდებობის პირებს - მათ მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნიათ და მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში შეეძლებათ, საარჩევნო კამპანია აწარმოონ. მათ შორის არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები; ასევე არჩეული მერები და გამგებლები და საკრებულოს წევრებიც, რადგანაც ისინიც ითვლებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებად.



დღეიდან ამოქმედდება ასევე მედიაშეზღუდვა და შეეხება არა მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" - პოლიტიკური რეკლამების განთავსების შემთხვევაში, აუცილებელია, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელმა აცნობოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას. რეკლამის ფასი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ერთნაირი უნდა იყოს.





წყარო -  www.jam.news.net


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner