თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურს იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.
„ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ 2015 წლის 17 ივლისს არქიტექტურის სამსახურს AR1327702 განაცხადით მიმართა მოქალაქე ლევან ხუხაშვილმა და მოითხოვა თამარაშვილის ქ. #13-ში მდებარე სამ საკადასტრო ერთეულზე: 01.10.16.004.097; 01.10.16.004.098 და 01.10.16.004.099 მრავალფუნქციური კომპლექსის დასაგეგმარებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემა. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო"-ს 2015 წლის 26 ნოემბრის #55 სხდომაზე. ვინაიდან წარმოდგენილი ესკიზური წინადადება არ ითვალისწინებდა სპორტული ინფრასტრუქტურული და რეკრეაციული სივრცის შენარჩუნებას, საკითხი საბჭოს მიერ უარყოფითად შეფასდა", - აცხადებენ მერიაში.
მერიის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე - www.tas.ge