„დასკვნა ერთადერთია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა არეულობა, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უნდა იფიქროს სახელმწიფომ, მათ, ვისაც ეხება წესრიგის დამყარება, რომ ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს ქვეყანა არსებული სიტუაციიდან.
„ჩვენ გვინდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან ისე, რომ კანონი არ დაირღვეს. ბედის ირონიაა, რომ მერაბ ქვარაია არ შეუშვეს, ადამიანი, რომელიც 7 წელი ჰყავდათ ციხეში და დღეს სიმბოლურად იგივე ხალხი არ უშვებს პარლამენტში მას და ძალადობს. მეორეც, უცნაური განცხადება მოვისმინეთ სახალხო დამცველისგან, ამ ლოგიკას რომ გავყვეთ დამნაშავე, ან მოძალადე თუ ჩადის დანაშაულს, ეს არის ძალადობის ობიექტის ბრალი. მე ვერ წარმომიდგენია ამ სიტუაციაში ჩვენი საზოგადოებისთვის როგორ შეიძლება შეიქმნას ნორმალური ცხოვრების პირობები. აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილება ჩემი აზრით, რომ დღეს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ბიურო. რეალურად, უნდა იფიქროს სახელმწიფომ, აწონ-დაწონოს ბევრი არგუმენტია და ვისაც ეხება წესრიგის დამყარება ქვეყანაში, შესაბამისად უნდა იმსჯელოს, რომ ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს ქვეყანა. თორემ აქ კონკრეტული პარტია, ვინც არის წინა პლანზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“, დასკვნა ერთადერთია - მათ უნდა არეულობა, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება “, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე შეფასებით, სახალხო დამცველმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა.
„მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებული განცხადებაა და არასწორია. სახალხო დამცველი იმისთვის არის, რომ მოუწოდოს ყველა მხარეს, რაღაც თემასთან დაკავშირებით ჯერდებიან თუ ვერა, არც ერთმა მხარემ არ დაარღვიოს კანონი. ამიტომ ავირჩიეთ და მივეცით ხმა მას“, - განაცხადა ვოლსკიმ.