„ჩვენ ვერ შევალთ კონსტიტუციურ პროცესში და საარჩევნო სისტემის განხილვაში. ესაა ჩვენი მკაფიო პოზიცია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განუცხადა.
„მოქმედ კონსტიტუციაში წერია მარტივი რამ, დადგენილია ე.წ. პარალელური კენჭისყრის სისტემა, ესაა დამოუკიდებელი საარჩევნო სისტემა, კერძოდ, კონსტიტუციაში წერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, 73 მანდატი - მაჟორიტარული წესით. გერმანული სისტემა აბსოლუტურად განსხვავებულია, სწორედ ამიტომ ეწოდება მას არა პროპორციულ-მაჟორიტარული, არამედ პერსონალიზებული პროპორციული სისტემა და რატომ, რადგანაც პროპორციულია მანდატების განაწილების წესი. გერმანული მოდელის თანახმად, 150-ვე მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით. უბრალოდ, აქედან პერსონალურად 73 მანდატი იმ დეპუტატებს მიენიჭება, რომლებიც არჩეულნი არიან ერთმანდატიან ოლქებში. 150-ვე მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, კონსტიტუციაში წერია -77 . 150 არ უდრის 77-ს. ეს რა თქმა უნდა, იციან იმ იურისტებმა, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას, ეს იციან სხვებმაც და სამწუხაროდ, ატყუებენ საზოგადოებას“, - აცხადებს კობახიძე.