logo_geo
eng_logo
შსს: თუ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება არ მოხდება, შსს შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს
- +

18 ნოემბერი. 2019. 16:55

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„უკვე მეორე დღეა, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. გარდა ამისა, პოლიტიკური ლიდერები განაგრძობდნენ მხარდამჭერების ღიად მოწოდებას საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

 

შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად, ასევე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა.

 

პოლიციის თანამშრომლებისა და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება არ მოხდება, ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.

 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე და რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, შეუძლიათ გადაადგილდნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner