საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელი" მინისტრების: გიგლა აგულაშვილის, პაატა ზაქარეიშვილისა და თინა ხიდაშელის წასვლა მოსალოდნელია და მათი შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს.
„რომ ვთქვა, არ მყავს შერჩეული, არასერიოზული იქნება, რადგან ვიცი, ზუსტად რომ მოსალოდნელია მათი წასვლა. თუმცა მათ ამაზე არ უსაუბრიათ ზუსტად, წავლენ თუ არა არჩევნებამდე, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, რომ ვიფიქრო და რა თქმა უნდა, მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი, ვისაც ვიხილავ ამ სამ თანამდებობაზე. დანარჩენ მინისტრებს რაც შეეხება, აქაც მაქვს ჩემი გარკვეული მოსაზრებები. არიან მინისტრები, რომლებთან დაკავშირებითაც მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. არიან მინისტრები, რომლებთან მუშაობა საჭიროა.
აქამდე, მე წარმოვადგინე რამდენიმე მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი ჩემთან ერთად მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში და თუ მაინცდამაინც გემოვნებაზე გვინდა ვილაპარაკოთ, და საგარეო საქმეთა მინისტრიც არის ჩემი წარდგენილი კანდიდატურა და მე ვფიქრობ, დღეს ორივე ძალიან კარგად ართმევს თავს თავიანთ მოვალეობას და მათ გარდა არაერთი მინისტრი ძალიან წარმატებულია. პატარა საკითხები შეიძლება იყოს, რომელზეც არასწორი იქნება ახლა საუბარი. არჩევნებამდე არ არის გამორიცხული არა მხოლოდ სიაში გადასვლის მიზეზით, არამედ ისედაც ცვლილება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას" ამბიციური სარეფორმო გეგმა აქვს და შესაბამისად, ის მოსალოდნელ ცვლილებებს არ გამორიცხავს.
„არ არის აუცილებელი, რომ მინისტრები იყვნენ სიაში. მაგრამ წინასაარჩევნოდ, კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეული ცვლილება იყოს. როდის მოხდება, რომელ დღეს მოხდება ამაზე პროგნოზირებას და მკითხაობას არ დავიწყებ. ცვლილებები იქნება ნამდვილად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.