logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, შესაძლოა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას დაედოს საფუძვლად
- +

9 ივნისი. 2016. 11:24


„ექს-პრემიერის განცხადებები, შესაძლოა, „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას დაედოს საფუძვლად", - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ბიძინა ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრაზე საუბრისას აცხადებს.


კალანდაძის თქმით, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო ეკონომიკური ნაწილი იყო, სადაც ივანიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და ეკონომიკის განვითარების კუთხით პრიორიტეტები დაასახელა.

 

„საკმაოდ კარგი ინტერვიუ გამოვიდა. დაისვა კითხვები და მივიღეთ პასუხები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ეკონომიკური ნაწილი. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრიორიტეტად ასახელებს რამდენიმე ეკონომიკურ კონცეფტს. პირველია ის, რომ შემდეგ წლებში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკურ ზრდაზე. ბუნებრივია, უნდა შენარჩუნდეს გარკვეული სტანდარტით სოციალური დაცულობის კომპონენტი სახელმწიფო პოლიტიკაში, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტები უნდა გაკეთდეს ეკონომიკურ ზრდაზე, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში განვითარება და ის სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად განპირობებული იქნება იმით, თუ რამდენად შეძლებს საქართველო დააფიქსიროს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც თავისთავად, როგორც სოციალური სტაბილურობის, ისე ფინანსური სტაბილურობის და განვითარების საფუძველია", - განუცხადა „პირველს" კალანდაძემ.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული აქცენტები სახელმწიფო ფონდების დაბანდების თვალსაზრისით მაღალტექნოლოგიებში, ცოდნაში და განათლებაში უნდა გაკეთდეს.


„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება იმას, რომ და ეს პრემიერის 4-პუნქტიანი გეგმის მეოთხე პუნქტიც არის, ივანიშვილი ფიქრობს, რომ სწორი კონცეფტია განსაკუთრებული აქცენტები მათ შორის სახელმწიფო ინვესტიციების, სახელმწიფო ფონდების დაბანდების თვალსაზრისით უნდა გაკეთდეს მაღალტექნოლოგიებში, ცოდნაში და განათლებაში, ანუ იმაში, რაც არის ყველაზე კონკურენტუნარიანი, ყველაზე კარგად გაყიდვადი და ყველაზე კარგად უზრუნველმყოფი განვითარების და გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებადი, სტაბილური ბიზნეს გარემოს შექმნისა. ისეთი ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, სწორედ მაღალი ტექნოლოგიები და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ხდება ხოლმე განვითარების საფუძველი. ამის ტიპიური მაგალითია ირლანდია, რომლემაც ამ კონცეფტით შეძლო დაახლოებით 20-25 წელიწადში სერიოზული გარღვევის მიღწევა", - განაცხადა კალანდაძემ.


მისი თქმით, ექს-პრემიერის განცხადებები, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას.


„ვთვლი, რომ ეს კონცეფტუალური ხედვები არის სწორი, მაგრამ მოლოდინები წერილის და ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის არ უნდა იქნეს აღქმული, რომ პროგრამა გამოიკვეთა, ეს შეიძლება საფუძვლად დაედოს პროგრამას, მათ შორის „ქართული ოცნების" წინასაარჩევნოს, სადაც უკვე დეტალურად გაიწერება ამ კონცეფტუალურად სწორი აქცენტებიდან კონკრეტული სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის. კარგი ინტერვიუ იყო, ბევრი რამ დავინახეთ, მათ შორის ისიც, რომ სოფლის მეურნეობა არ უნდა იყოს ახირება ხელისუფლებისთვის, რომ ეს პირველი სექტორი არ უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ და გავაგრძელოთ ის პროგრამები, რომელიც ქვეყანას დღეს ამ თვალსაზრისით გააჩნია, მაგრამ მთავარი აქცენტები უნდა გაკეთდეს ტექნოლოგიატევად, განათლებატევად დარგებზე და სოფლის მეურნეობა უნდა იყოს ერთ-ერთი შემავსებელი ამ ყველაფრისა, ისევე როგორც ტურიზმი, მშენებლობა, ანუ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკურ ზრდაზე. ყოფილი პრემიერის გამოსვლაში დავინახე, რომ ის აქცენტს აკეთებს და ხედავს საქართველოს ეკონომიკას, როგორც გარკვეული პოტენციალის მატარებელ სახელმწიფო ეკონომიკაზე. ეს ძალიან კარგი პირობებია მართლაც, ეს ოთხი წელი გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ შექმნილიყო მეტნაკლებად კარგი სასტარტო პირობები, რათა ამ გარემოზე ძალიან კარგი ზედნაშენი გაკეთდეს უახლოესი წლების განმავლობაში. ოთხ, სამ და ორ წელიწადში სახელმწიფოები და ძლიერი ეკონომიკა არ შენდება. ეს ოთხი წელი რეალურად გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ საფუძელი ჩაეყარა შემდგომ რეფორმებს და განვითარებას. რამდენად სწორად გამოიყენებს ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის და განვითარების თვალსაზრისით, ხელისუფლების მარიფათზეა დამოკიდებული", - განაცხადა კალანდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner