logo_geo
eng_logo
სექტემბრიდან თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ახალი ავტობუსები გამოჩნდება
- +

9 ივნისი. 2016. 11:39


თბილისის მერია CNG ტექნოლოგიაზე, ანუ შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანას სექტემბრიდან გეგმავს. მუნიციპალური ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებული კომპანია უახლოეს პერიოდში გამოვლინდება. ამ ეტაპზე შეფასების პროცესი მიმდინარეობს.


 მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სექტემბერში 140-160 ერთეული ავტობუსი შემოვა, რომლებიც  სავარაუდოდ, ცენტრალურ ქუჩებზე და გრძელ დისტანციებზე იმოძრავებს.


EBRD-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ამ ტიპის ავტობუსები დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, რადგან ბუნებრივი გაზი არ არის ტოქსიკური, კოროზიული ან კანცეროგენური. არ აბინძურებს ნიადაგს, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს.


CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე ავტობუსებით სარგებლობენ იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, კანადაში, სინგაპურში. ასევე საფრანგეთის რამდენიმე დიდი ქალაქი, 1998 წლიდან მოყოლებული, მთლიანად მარაგდება ამ ტიპის ავტობუსებით.


სატენდერო წინადადებების მიღება 17 მარტს დასრულდა, მოხდა მათი გახსნა და კომისიის წევრებისთვის ამ კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებების გაცნობა. ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ევროპული. რომელი კომპანიების წინადადების შესწავლა მიმდინარეობს ამ ეტაპზე, ლექვინაძე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თბილისში საკმაოდ ხარისხიან ავტობუსებს მივიღებთ. ავტობუსები იქნება 12-მეტრიანი და ადაპტირებული.


ლექვინაძე უახლოეს პერიოდში დიღომში ახალი ავტობაზის მშენებლობასაც აანონსებს. მისი თქმით, ტენდერი უკვე დასრულებულია.  ახალი ავტობაზა დაახლოებით, 375 ავტობუსზეა გათვლილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner