პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლით ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება არ მოუხდენია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა - ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, კანონის ჩარჩოებში უნდა მოქმედებდეს.
„არანაირი ძალის დემონსტრირება არ ყოფილა. ყველა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, უნდა მოექცეს კანონის ჩარჩოებში. გამოხატვის თავისუფლებას ვერ შეზღუდავს ვერავინ, ამის უფლებას პირველ რიგში ხალხი არ მისცემს არავის. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. ბლოკირება, გზის გადაკეტვა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, ეს არის კანონის დარღვევა. შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა კახა კალაძემ და აქვე დასძინა, რომ რუსთაველის გამზირზე არ იყო მომიტინგეთა ის რაოდენობა, რომ გზის გადაკეტვა აუცილებელი ყოფილიყო.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ კვლავ იგეგმება პიკეტირება, კალაძე ამბობს, რომ კანონის დარღვევის უფლება არავის მიეცემა.