თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორგანიზებით, სატრანსპორტო სექტორში ქალების ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე, სახელწოდებით „თანაბარი შესაძლებლობები და ქალების ჩართულობა საქართველოს ტრანსპორტის სექტორში: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გამოცდილება“, კომპანიის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქალი მძღოლების პროგრამა წარუდგინეს, არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც ემსახურება კომპანიის ინსტიტუციონალურ განვითარებას სხვადასხვა დონეზე. ეს პროცესი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, იაპონია-ევროპის თანამშრომლობის ფონდის (JECF) დაფინანსებით, ასევე ქართველი და ევროპელი სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც წარმატებით ხორციელდება არის თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც ავტობუსის მძღოლის პროფესიაში გადამზადდა 25 ქალი. მათ სწავლება გაიარეს სპეციალურად შერჩეულ ავტოსკოლაში და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის აღების შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ დასაქმებულიყვნენ მძღოლის პოზიციაზე. ამ ეტაპისათვის თბილისის მგზავრებს 21 ქალი მძღოლი ემსახურება.
ამავე კონფერენციის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელი მოაწერა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ინიცირებულ ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპებს (WEPS).
კონფერენციას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, იაპონიის საგანებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის დირექტორი დაესწრნენ.