ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი რუსთაველის გამზირზე მომდინარე მოვლენების ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენის თაობაზე საუბრობს.
მისი თქმით, პოლიტიკა და ეკონომიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე.
„ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ტიპის აქციები, სიტუაციის გამწვავება და ა.შ... ის, რაც ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე. ეს იქნება ლარის კურსი, უცხოური ინვესტიციები, საინვესტიციო იმიჯი თუ ა.შ. ყველა მიმართულებით ნეგატიურ გავლენას იქონიებს ეს პროცესი. თქვენ იცით, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და შესაბამისად, ის არაცივილიზებული და არანორმალური პოლიტიკური პროცესი, მოწოდებები რევოლუციური სცენარისკენ, მოწოდებები, რომ ხელისუფლება უნდა დაამხონ, რომ უნდა მოახდინონ სახელმწიფო შენობების პიკეტირება, აზიანებს საქართველოს იმიჯს.
ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მეც მაქვს მოსაზრება, რომ ეს ოპოზიციის პროცესი შესაძლოა, მიმართული იყოს ბიუჯეტის ჩაგდებისკენ. ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ტექნიკურად ერთ-ერთი გზა ამის არის ბიუჯეტის ჩაგდება. პარლამენტის პიკეტირებაც ამისკენ არის მიმართული. ბიუჯეტის მიღებას აქვს თავისი ფაზები და თუ დაირღვა ვადები, პრეზიდენტი ვალდებულია, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ნუ გგონიათ, რომ ოპოზიციას მოეპრიანა და ასე მიიტანეს ქვიშები, ხვალ სხვა შენობასთან მიიტანენ, იქ აგურებიც მიიტანეს და ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ის არის, რომ ჩავარდეს ბიუჯეტი. ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური პროცესების ეფექტური მართვა. თუ ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან, სახელმწიფო გამოიყვანონ წყობიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი რეაქციაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. მაშინ რა უნდა ქნას სახელმწიფომ, უყუროს, რა მოეპრიანება გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას? ეს ხომ სისულელეა“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანი.