logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოგონილი ინსინუაციები არის უადგილო
- +

19 ნოემბერი. 2019. 17:59

 

„ვაჟა გაფრინდაშვილი ნებისმიერი დაპირისპირების პერიოდში თუ მონაწილეობდა როგორც ექიმი, დამერწმუნეთ, მზად იყო და იქნება, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

გიორგი ვოლსკის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოგონილი ინსინუაციები არის უადგილო და არასწორი.

„მინდა, ოკუპირებულ ცხინვალს ხმა მივაწვდინო. ბევრს ვიცნობ, ბევრთან ერთად მოლაპარაკებებში ვმონაწილეობ. მეგობრული ურთიერთობა არავისთან მაკავშირებს, მაგრამ გარკვეული ტრადიციის გარშემო არის გაერთიანებული კავკასიური ერები და ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის ოსები, ქართველები, აფხაზები და სხვები. გარკვეული ღირსება არსებობს, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერი დაპირისპირების დროს უნდა შეინარჩუნოს. ვაჟა გაფრინდაშვილი ნებისმიერი დაპირისპირების პერიოდში თუ მონაწილეობდა, როგორც ექიმი, დამერწმუნეთ, მზად იყო და იქნება, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერს. ეს არის მისი ფიცი, არის ვაჟკაცი და ღირსებით სავსე ადამიანი. საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოგონილი ინსინუაციები არის უადგილო და არასწორი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 10 დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე-ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner