დეპუტატი კახა ოქრიაშვილი წინააღმდეგი არ არის, რომ დაიწყოს დისკუსია საარჩევნო და აგრეთვე, მმართველობით სისტემასთან დაკავშირებით.
“ჩვენ 2012 წლიდან გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე და ვარ მომხრე, რომ დაიწყოს დისკუსია ზოგადად მმართველობით სისტემაზე. იცით, რომ საარჩევნო სისტემები არის სამგვარი: მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული. ჩვენთან არის შერეული. დაახლოებით, მსოფლიოს 90 ქვეყანაში არის მაჟორიტარული. არსებობს სხვადასხვა მოდიფიკაციების მაჟორიტარული სისტემა, ასევე პროპორციულის. სადაც არის სრულად მაჟორიტარული სისტემა, იქ ცდილობენ, გადავიდნენ შერეულზე, აგრეთვე, სადაც არის სრულად პროპორციული სისტემა, ცდილობენ გადავიდნენ შერეულზე”.
ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძის საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.
შეკითხვაზე, ხომ არ არის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილსგან წამოსული, კახა ოქრიაშვილმა უპასუხა: “არასდროს ვაკეთებ კომენტარებს სხვის განცხადებებზე. მე მკითხეთ რაც მე მეხება. ჩემი პოზიცია არის, რომ მსურს, დაიწყოს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაშლა მოსახლეობაში. დღეს რომ ჩვენს მოსახლეობაში ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა არის ცუდი. ასევე პროპორციულში, 99% მოსახლეობის ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნობთ ყველა სისტემის დადებითი და უარყოფით მხარე სისტემის და მერე გადაწყდება ეს საკითხი.”
შეკითხვაზე, ხალხზე ცუდი წარმოდგენის ხომ არ არის, კახა ოქრიაშვილმა განმარტა, რომ ცუდი წარმოდგენის არ არის, მაგრამ ზუსტად იცის, რა იცის ხალხმა და რა-არა.
“არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, ზუსტად ვიცი რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არ იცის. კიდევ ბევრმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი მინახავს. პროვოკაციულ კითხვებს თავი დაანებეთ”- მიმართა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს.