logo_geo
eng_logo
ლევან ოსიძე: 17 ნოემბრის აქცია - ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დროშის ქვეშ მებრძოლთა აგონია
- +

20 ნოემბერი. 2019. 11:32

 

 

გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებულ პროფესორ ლევან ოსიძესთან.

 

- ბატონო ლევან, გთხოვთ, რამდენიმე სიტყვით  მოგვცეთ თბილისში ამ დღეებში მიმდინარე მოვლენების თქვენეული ანალიზი...

 

- რა  უნდა ითქვას 2019 წლის 17 ნოემბრის თბილისში მიმდინარე აქციაზე: ერთი რამ გადაჭრით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დროშის ქვეშ მებრძოლთა აგონია პროვინციალური ფაშიზმის დონეზე დასული, რადგან ყოფილ ე.წ. პოლიტიკურ ელიტას დაავიწყდა მათ მიერ დანერგილი ისეთი უმსგავსობანი, როგორიცაა ალტრუიზმის იგნორირება და ყველაფრის მატერიალიზება, ანუ ფულისა და ბიზნესის დონეზე დაყვანა, რასაც დროსა და სივრცეში თითქმის ყოველთვის მოაქვს ინდიფერენტიზმი, გაუცხოება... ადამიანთა ერთობას მყარი, თუნდაც ეროვნული ღირებულებების გარეშე თუ განვიხილავთ, ყოველთვის მივიღებთ ჩვენი საზოგადოების მსგავს სიმბიოზს კოჰაბიტირებული უმოქმედო მასის სახით, რომელიც მხოლოდ თავის გადარჩენაზე ჰფიქრობს და მას ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები არ აინტერესებთ. აქვე მინდა, ამ აქციის ორგანიზატორებს გადაჭრით ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე რეგიონებიდან ჩამოსულთათვის მატერიალურ დაინტერესებას ჰქონდა ადგილი, ეს სატელევიზიო კამერებმაც დააფიქსირა, დაანონსებულ ხალხმრავლობას ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ, რადგან თუკი დედაქალაქის მოსახლეობა მხარს არ გიჭერს, მეტი არაფერი გამოგივათ...

 

- ანუ, თქვენი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და გაერთიანებულ ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვთ პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით?

 

- ამ ეტაპზე და უახლოეს მომავალში მათი შანსები თანდათან კლებულობს და მინდა, აქვე დავძინო, რაც არ უნდა პესიმისტურად ჟღერდეს ეს მათთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის, გიგი უგულავას, გიგი ბოკერიას, გიორგი ბარამიძის, თაკო ჩარკვიანის, მიშა მშვილდაძის, სალომე სამადაშვილის, ხატია დეკანოიძის, გიორგი ვაშაძის (ეს უკანასკნელი შედარებით ნათელი წერტილი იყო გუშინდლამდე, მაგრამ გავახსენებ ქართულ შეგონებას: „მითხარი, ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ!!!“), დავით და ლევან ბერძენიშვილების, მაქარაშვილისა თუ დიღმელაშვილის და ა.შ.  გვერდით მეტ ადამიანს არ უნდა ველოდოთ... ესაა ფაქტიურად გაკოტრებული ერთობა პერსპექტივის გარეშე, რადგან საქართველო, საბედნიეროდ, არ არის ბანანის რესპუბლიკა და აქ ხალხს შავისა და თეთრის გარჩევის უნარი კვლავაც შერჩენილი აქვს.

 

- მაინც რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მიმდინარე აქციაზე?

 

- რა გითხრათ, ერთი შეხედვით ძალზე დათრგუნულ-გაწბილებული მეჩვენა ძირითადი ბირთვი. არსებული რეალობის გათვალისწინებით, მოსალოდნელზე ნაკლები ადამიანების ხილვამ ისინი დააბნია და ამიტომ წინასწარი მომზადების მიუხედავად მათი გამოსვლები იყო ხელოვნური დ რეალობისაგან მოწყვეტილი... ავიღოთ გიგი უგულავა, რომელიც ხმის ტემბრით ძალზე ბაძავდა თავის ბელად სააკაშვილს და სიტყვები: „ხალხი ჩვენ ვართ, სინათლე ჩვენ ვართ“... და ყელიდან ამოსული ხავილი, გაფითრებული სახე და ხელების უაზრო შლა სხვა არაფერი იყო, თუ არა სასოწარკვეთა და ამან მის ელექტორატზე დადებითი ეფექტი ვერ მოახდინა, პირიქით... ხოლო მიშა მშვილდაძე თავისი ცისფერი ქუდით და ამის გამოკვეთით და განცხადებებით იმდენად ოდიოზურ ფიგურად წარმოგვიდგა, რომ სამარცხვინოდ ხალხს „მიშა-მიშას“ სკანდირებაც კი დაანება... ეს რომ პრეზიდენტყოფილის მისამართით ყოფილიყო, მაშინაც კი უადგილო იქნებოდა, მაგრამ მისმა ბოლო შეხავლებამ კი - საერთოდ წაშალა და დაანგრია ყველაფერი... სალომე სამადაშვილის მენტორულმა ტონმა და უადგილოდ თითის ქნევამ და მუქარამ, რომ პიკეტირებული იქნებოდა პარლამენტი და ვერავინ გაბედავდა იქ შესვლას, ხომ საერთოდ დაასამარა იგი არა როგორც მოქმედი პოლიტიკოსი, არამედ როგორც იურისტი, თუ არ ვცდები, ამ პროფესიისაა... მას რატომღაც დაავიწყდა მიღებული კანონი - სახელმწიფო ორგანოების პიკეტირებისა და მუშაობის ხელშეშლის შემთხვევაში რა სასჯელი ემუქრებოდათ. რა ჰგონია: თუ თვითონაა, მასზე მიღებული კანონი არ იმოქმედებს? რა?! - კანონს ზემოთ დგას და მისი მისამართით აკრძალულია კანონის გამოყენება?... მე რომ მეკითხებოდეს, ისე ლამაზად მოვუხსნიდი სადეპუტატო იმუნიტეტს, ამ მოცემულობაში არა, მაგრამ უფრო მძიმე შედეგების შემთხვევაში აუცილებლად, დავანგრევდი მითს დეპუტატის ხელშეუხებლობის თაობაზე და სამაგალითოდ გავხდიდი და ქრესტომათიულ სახელმძღვანელოებში შევიტანდი მის ქცევას, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს მოქმედი დეპუტატი... რაც შეეხება დავით ბერძენიშვილს, ეტყობა, ასაკობრივი პრობლემებია, თორემ რას უნდა მივაწეროთ მისი განცხადებები, რომ საქართველო დღეს არის ეროვნული უმცირესობების, ამაში ვეთანხმები... მაგრამ სექსუალური უმცირესობების და ყველანაირი უმცირესობების ქვეყანა, რას მივაწერო, ვერ გეტყვით, იქნებ მას ჰკითხოთ, ვინ უარყოფდა ამ ფაქტს და რა საჭირო იყო ამისი ასე გამოკვეთა, არ მესმის... თაკო ჩარკვიანის გამოსვლა იმდენად პათეტიკური და არაფრისმთქმელი იყო, რომ არ გამოსულიყო, სჯობდა, ხოლო გრიგოლ ვაშაძის გამოსვლამ ხომ საერთოდ „ფურორი“ მოახდინა: „ ... ამ ღამით გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ... ვინც აქედან წავა, მერე არაფერი თქვას... „გავხევთ ნაკერავზე...“ და ათასი სხვა სისულელე, ხოლო მისმა მოგვარე ახალგაზრდა გიორგი ვაშაძე, გუშინდლამდე შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მისმა განცხადებამ: „... ამ გასაღებითაა დაკეტილი პარლამენტის ყველა კარი და ის ეკუთვნის ქართველ ერს და იქ ვერავინ შევა...“, სალომე სამადაშვილის მუქარას გადააჭარბა და კონსტიტუციაზე მაღლა მდგომის შთაბეჭდილება დატოვა, მინდა, ვკითხო: კი მაგრამ, ვინა ხარ, ვის დარჩენიხარ, ბნელა?!  ძალიან გამიგრძელდა გამომსვლელებზე საუბარი, მაგრამ კოტე ყუბანეიშვილის სიმღერანარევი დაბადების დღის მილოცვის ფორმატში ბიძინა ივანიშვილის გადაგდების დღედ დაანონსება რომ არ აღვნიშნო, არ იქნება!!!... ვფიქრობ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... ეს ტინგიცი და ემოციებზე გათვლილი იაფი პერფორმანსი რომ არ შეეფერება ქართული პოლიტიკური კულტურის რეალობას, მის ავტორს ეს ვერ შეუგნია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო ეს არაა ე.წ. ბანანის რესპუბლიკა...

 

- თქვენ უკვე მეორედ ახსენეთ „ბანანის რესპუბლიკა“, მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ მინდა გკითხოთ, რატომ?

 

- სამწუხაროდ, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები დღენიადაგ იმას ქადაგებენ, რომ საქართველო არის ვერშემდგარი და მომავლის არმქონე სახელმწიფო წარმონაქმნი, რომელსაც მომავალი არა აქვს... მათ გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სახელმწიფო ვერ შედგება პოლიტიკური თანხმობისა და მყარი, ხელუხლებელი, მტკიცე და მდგრადი კონსტიტუციის გარეშე, ამიტომ  ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას უნდა ეყოს პოლიტიკური გამბედაობა და ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი თუ პირი, რომელიც მიზანმიმართულად თუ უნებლიედ არღვევს, არად დაგიდევს სახელმწიფოს ძირითადი  კანონის უზენაესობას, დასაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით...  თუნდაც ეს იყოს ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალად მიჩნეული „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, რაც ყველაზე საუკეთესო მაგალითი იქნებოდა ყველა სხვა დანარჩენისათვის... თუკი ეს პრეცედენტი დაფიქსირდება, მაშინ არც არავის გაუჩნდებოდა ამბიცია, მიებაძა მათთვის და დაუსჯელობის სინდრომით არ იქნებოდა დაავადებული ჩვენი საზოგადოება და არ ვახსენებდი ამ ტერმინსაც...

 

- რას გულისხმობთ დაუსჯელობის სინდრომში და რით ამართლებთ თანამედროვე ვითარების რადიკალიზაციას და როგორ გესახებათ ჩვენი ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურ ძალთა სპექტრი და თუ მოიაზრებთ ამ მოცემულობაში ახალი პოლიტიკური ძალების წინა პლანზე წამოწევას და რა დოზით?

 

- საინტერესო კითხვაა და შევეცდები, მოკლედ გიპასუხოთ: არა მარტო ამ დღეების, არამედ ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გამოიკვეთა გარკვეული კასტის მაგვარი ერთობა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ამ ბოლოდროინდელი ალიანსის სახით, რომელთაც თურმე ეპატიება კონსტიტუციური ნორმების უხეში დარღვევა და სამთავრობო დაწესებულებების და მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება და მისი მუშაობის ფაქტიური ჩაშლაც კი, რაც, ჩემის ღრმა რწმენით, დაუშვებელია და ეს სასწრაფოდ მისახედია... რა სახელმწიფო ხარ, თუკი შენ მიერ არაფორმალურად შეწყალებული და დანდობილი კრიმინალური შეფერილობის წარსულის მქონე პოლიტიკური ძალა, ვგულისხმობ მოპიკეტეებს, მუდამ დაგაშანტაჟებს, ფეხქვეშ გაგითელავს კონსტიტუციას და ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს??? ამიტომ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყანაში უზრუნველყონ კონსტიტუციური წესრიგი და ალაგმონ თავაშვებულთა თარეში და განუკითხაობა რუსთაველის გამზირზე, რადგან მსგავსი ქმედებები ლახავს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ იმიჯს და კიდევ ერთხელ ახარებს ჩვენს შინაურ თუ გარეულ მტრებს. ამიტომ, ვფიქრობ, გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატის შეცვლა და ამ ფერხულში ეროვნული ძალების ჩაბმა, მითუმეტეს, თუ დასავლეთ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები სავსეა მსგავსი პრეცედენტებით და სარბიელზე ახალი კონსერვატორული ძალები გამოდიან ნეოლიბერალური ფაშიზმის საპირწონედ საკუთარ ნიშის დასაკავებლად, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისი? ამიტომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი რეალობა და პრაქტიკული პოლიტიკის დღის წესრიგიდან უნდა ამოვარდეს დედის გინება, უზრდელობა, ლანძღვა-გინება და მასების გაუნათლებლობაზე გათვლილი ქმედებები და ლამის ისტერიულ  ბოლშევიზმში  გადაზრდილი ხავილი. გამოსაკვლევია, თუ რა ძალები დგას მათ უკან, თუნდაც ეს იყოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დატრენინგებული აქტივისტები, რომელთა სურათებითაც ასეა აჭრელებული მასმედია და სოციალური ქსელები...

 

- დასკვნის სახით, რას გვეტყოდით პარალელურად გამართული „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული მარშის“ ერთობლივ აქციაზე, იყო ეს თუ არა კონტრაქცია და რა მიზნებს ისახავდა მისი ჩატარება და თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს ფაქტი მაგალითი სხვებისადმი, რომ მათაც უნდა მოახდინონ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და გამონახონ არგუმენტირებული და მტკიცე ეროვნული თანხმობის ფუძე და მოხდეს ბოლო 30 წლის განმავლობაში დამკვიდრებული პოლიტიკური რეალობის დემონტაჟი, ანუ მათი ჩანაცვლება ახალი პოლიტიკური მოცემულობით?

 

- სიმართლე გითხრათ, მე ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ ამოიკვეთება ქართული პოლიტიკური რეალობიდან, როგორც არ უნდა ეწყინოთ ეს მათ ზოგიერთ დასავლელ პარტნიორებს, რომელთაც ამდენი წლის განმავლობაში აქცენტი ამ ძალისაკენ ჰქონდათ მიმართული და მესმის, ძნელია მათთვის იმის აღიარება, რომ შეცდნენ და ხელიდან გაექცათ კონტროლის მექანიზმი, რადგან ძალიან ბევრი მასალაა წარდგენილი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ პარლამენტში, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ ამ ძალის გასამართლებას და დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას, რაზედაც პირადად მეც თანხმობა მაქვს მიცემული, ანუ ხელი მოვაწერე პეტიციას და თუ ასე არ მოხდა, ეს სხვა მსჯელობის საგანია, ხოლო რაც შეეხება კონტრაქციას, მე ამას ასე არ განვიხილავ და თქვენ ეს საკითხი შეგიძლიათ მის ორგანიზატორებს ჰკითხოთ... „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ წინა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქ, სადაც დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერია ერთად, ჩვენ ამას მივიჩნევთ ამორალურად, ამიტომ დაანონსებულ პოლიტიკურ აქციას ვერ შევუერთდებითო და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული იქნა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაანონსებულ მიტინგთან მიერთება, ეს იყო და ეს. სხვა არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, როგორც მე ვიცი და ეს ასეც მოხდა. სხვა მხრივ, ეს კითხვა, იდეა გაერთიანებისა მართებულად მიმაჩნია ყველა სხვა ეროვნულ-პატრიოტულ-კონსერვატორ-პოლიტიკური ძალის მისამართით, მაგრამ ეს დროის საკითხია და ის გვიჩვენებს, თუ ვინ და როგორ მოახერხებს პოლიტიკური ალიანსის ფორმირებას და ამ ფერხულში ჩაბმას. ფაქტია, ძველის დატოვება და თვითდინებაზე მიშვება ყოვლად დაუშვებელია და ის ვერ ასახავს ამჟამინდელ პოლიტიკურ რეალობას, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც აბსენტიზმის (საარჩევნო პროცესისადმი გაუცხოება) მსხვერპლნი არიან, თუკი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მსგავსად, თავგაბეზრებულნი მოვიყვანეთ საარჩევნო უბნებში ყუთებთან, მერწმუნეთ, ბევრ დღეს მოქმედ ე.წ. პოლიტიკოსთაგან ვერ ვიხილავთ არა მარტო საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში... და ასევე მიმაჩნია, რომ რაც უფრო მალე მოხდება რუსთაველის გამზირის გაწმენდა პოლიტიკური ბალასტისაგან, მით უკეთესი  ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის.

         

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner