თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების გამო, ერთი წლის წინათ მომხდარი სტიქიის მიერ დაზიანებული დედაქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის, ბიუჯეტიდან უკვე 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ხოლო 13 ივნისს გამოცხადდება ტენდერი, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებისთვის ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობაზე.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა ვერეს ხეობაში მიმდინარე და უკვე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
მათი ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის განმავლობაში სრულად განახლდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალი, ააშენეს ახალი ხიდი და მდინარე ვერეს გამტარი ექვსი გვირაბი აღადგინეს. მოაწყვეს ნაპირდამცავი კედელი, გაბიონის ტიპის ნაგებობები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები, პანდუსებზე ასასვლელ და ჩამოსავლელ გზებზე ასფალტის საფარი დააგეს. დაამონტაჟეს განათების სისტემა, გმირთა მოედანზე განაახლეს სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, უსაფრთხოების კუნძულები და მდინარე მტკვრის მოაჯირები.
ასევე დასრულდა წყნეთი-ახალდაბის გზის გაფართოებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოები, საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა. დამცავი კედელი ააგეს წყნეთში მდებარე მასწავლებელთა გადამზადების ცენტრთან. ბაგების ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ძოწენიძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე რეკონსტრუქცია- რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთი წლის წინათ დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორებს.
როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადეს, კეთილმოწყობის სამსახურის ძალისხმევით პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ ააშენეს 220-მეტრის სიგრძის დამცავი ნაპირსამაგრი კედელი. ასევე, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მდინარე ვერეს ხეობაში მიმდინარე წელს აშენდება ნატანდამჭერი ცხაურები, რაც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემთხვევაში ვერეს ხეობას დაზიანებისგან დაიცავს.
ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა, 2015 წლის 13 ივნისის შედეგად დაზარალებული ბავშვთა ქალაქ „მზიურის" ტერიტორიაც დაათვალიერეს.