საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი ზოიძე ჟურნალისტებთან საუბრისას არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობასა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.
ზოიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე სავარაუდოდ მომავალ კვირაში ისაუბრებს.
„კონკრეტულ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაკეთებ, რადგან ვთქვი, რომ პაუზა მაქვს აღებული.
გარკვეული წინადადებები მაქვს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები და მათი შედეგების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ვისაუბრებ. დიდხანს არ გავაგრძელებ ფიქრს, ალბათ მომავალ კვირაში ვისაუბრებ ჩემს პოზიციასა და წინადადებაზე“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აკაკი ზოიძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად შესაძლოა, პარლამენტიც დატოვოს.