საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ოთხმა პირმა გამოთქვა. შესაბამისი განცხადებები და საჭირო დოკუმენტაცია მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით მაია მეცხვარიშვილმა, მარიამ სულაბერიძემ, ივანე მახარაძემ და კახი ბექაურმა წარადგინეს.
საბუთების მიღების ვადა 15 ნოემბერს ამოიწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთ წევრს 2020 წლის 24 იანვარს ეწურება უფლებამოსილების ვადა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება ღია კონკურსის ჩატარების შესახებ. მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის #2164 განკარგულების თანახმად, 2019 წლის 17 ოქტომბრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს ადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.