logo_geo
eng_logo
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადავიდა
- +

20 ნოემბერი. 2019. 18:33

 

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულების - ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

 

ქარდავას უფლებადამცველმა ეჭვქვეშ დააყენა ბრალდების მხარის მტკიცებულების - აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პიროვნულ თვისებებსა და ევროპულ მაგალითებზე ისაუბრა.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, დაცვის მხარის, კერძოდ კი ყოფილი გენერალური პროკურორის მამუკა გვარამიას რევანშისტული განცხადებები მალე დასრულდება, რადგან ადვოკატებს აშკარად უჭირთ ბრალდების მტკიცებულებებისა და არგუმენტების გაბათილება.

 

„ადრე თუ ბრალდებულები გვემუქრებოდნენ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკვე, მათმა დამცველმა ადვოკატმა, მამუკა გვარამიამ, რომელიც გახლდათ ყოფილი გენერალური პროკურორი და თბილისის პროკურორი, დაგვემუქრა ბრალდების მხარეს და, ასევე, ექსპერტიზის ბიუროს, რომელმაც მთავარი მტკიცებულება ამ საქმეზე - ექსპერტიზა გასცა, პასუხისგებაში მიცემით კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმის გამო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რევანშისტული განცხადებები, რაც დამცველ ადვოკატსა და ასევე ბრალდებულებს გააჩნიათ, ძალიან მალე დასრულდება, გამომდინარე იქედან, რომ ამ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

 

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 12 დეკემბერს გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner