პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს და ინფლაციის შემცირებაზე იზრუნოს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ სებ დღეს უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების გაიდლაინებს აქცევს ყურადღებას, ვიდრე იმ კონტექსტს, რაც ქვეყანაშია. კომიტეტის წევრმა დავით სონღულაშვილმა კი კობა გვენეტაძეს ფულის მასის, 200 000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვის, შიდა ვალის, სავალუტო ინტერვენციებისა და სხვა საკითხების შესახებ რამდენიმე ბლიც-კითხვა დაუსვა.
კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ 200 000 ლარამდე სესხების აკრძალვა სებ-ის რეგულაციების პაკეტის ნაწილი არ ყოფილა და ის თავად პარლამენტმა დაამტკიცა. ფულის მასის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მონეტარული თარგეთირების რეჟიმის პირობებში ფულის მასა თავისუფალ ბაზარზე დგება, ხოლო სავალუტო რეზერვების ზრდასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძე ამბობს, რომ რეზერვების შევსება ქვეყნისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს და ნაჩქარევად მისი შევსება არ მომხდარა.