„ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქციური შინაარსი არა მხოლოდ ფასების სტაბილურობაა, არამედ მთლიანად მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
„სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი ჩაურევლობას მისი მხრიდან, მხოლოდ ფასების სტაბილურობის ზრუნვას ასახელებდა, მაგრამ დღეს, როდესაც ეროვნული ვალუტის მიმართ იგნორირებულმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა ფასების არასტაბილურობამდე საინტერესოა რას გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს ამასთან დაკავშირებით? აქ, ალბათ მთავარი საკითხი ის არის რომ გვყავს ძლიერი ეროვნული ბანკი სუსტი კანონმდებლობითა და სუსტი შესაძლებლობებით. ეროვნული ბანკის ფუნქციური შინაარსი არა მხოლოდ ფასების სტაბილურობაა, არამედ მთლიანად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. რომლითაც მას შესწევს უნარი მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირების ფუნქცია. დღეს - ყველაფერი პირიქითააა. ფორს მაჟორ სიტუაციაში, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური ზრდა გადააყოლოს ინფლაციას, რომლის დასტაბილურობასაც რამოდენიმე თვე დასჭირდება. რა თქმა უნდა არსებული სიტუაცია სრულად გაუმართლებელია“, - წერს ოთარ ანგურიძე.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად.
18-გვერდიანი დოკუმენტი დღეს კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო.