logo_geo
eng_logo
ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ცხინვალის აბსურდულ ბრალდებას „ღუდუშაურის კლინიკა“ პასუხობს
- +

20 ნოემბერი. 2019. 21:37

 

 

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმები მორიგ უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებენ,  საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  მათ მიერ, უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.

 

"2008 წლის აგვისტოში, ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და პირნათლად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. იგი, როგორც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჭეშმარიტი ექიმი ჩვენი კლინიკის კედლებში იბრძოდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აი, ეს გახლავთ სიმართლე.

სამედიცინო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და არაჰუმანურ ქმედებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

 

ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 11 დღეა, ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული.  

 

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".


18 ნოემბერს, ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოინახულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner