ქუთაისში გამართულ ოპოზიციის აქციას მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციას ინციდენტი მოჰყვა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთ - ერთმა მოქალაქემ მოუწოდა, რომ აქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ იყო ორგანიზებული და მათ მსგავსი შეკრების უფლება მორალურად არ ჰქონდათ. ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
სიტუაცია მალევე პოლიციის ჩარევის შედეგად განიმუხტა.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მცირე პერფომანსი გამართეს. მერიის შენობასთან იმ დეპუტატების სახელებით სტაფილოები მიიტანეს, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში დღეს, აქცია ორგანიზაციების “რუსეთი ოკუპანტია” და “ქვეყნის სამსახურში” მიერ დაიგეგმა, რომელსაც სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, გარდა ამისა განაცხადეს, რომ, თუ ხელისუფლება მათ საოკუპაციო რეჟიმთან უშუამდგომლებს, მზად არიან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში ჩაანაცვლონ.