ჟურნალისტმა დიმიტრი ტიკარიძემ „პრაიმტაიმთან" „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფუნქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არხზე ძირეული რეფორმებია საჭირო და სანამ ტელევიზია ხარკის სახით იმ თანამშრომლებს ხელფასს უხდის, რომელთა გაშვებასაც ვერ ახერხებენ, მანამ ტელევიზია სულ ჭაობში იქნება.
„თუ არ ჩავთვლით ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან, ბოლოს რაც ვნახე, იყო გადაცემა „ეკიპაჟი". ასეთი ტიპის გადაცემა ყველა ქვეყანაში ყურებადია, თუმცა სხვა არაფერი მახსენდება.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს" მხოლოდ მაშინ ვუყურებ, როცა რაღაც კონკრეტულს ველოდები, ისე არ არის საინტერესო ჩემთვის ეს არხი.
ძირეული რეფორმაა საჭირო ამ არხზე. გადმოცემით ვიცი, რომ თანამშრომელთა სამოც პროცენტთან მაინც წლების წინათ დაიდო ისეთი ხელშეკრულება, რომელსაც ვერ აუქმებენ.
არის ბევრი ადამიანი, რომელიც არაფერს აკეთებს, მაგრამ ვერ უშვებენ. თუ ამ ხელშეკრულებებს გაუუქმებენ, კომპენსაცია იმდენი დაუჯდება არხს, რომ, ურჩევნიათ, უხადონ ეს ხარკი თუ პენსია, რასაც უხდიან... თუ ასე გაგრძელდება, სულ ეს ჭაობი იქნება და გააგრძელებენ პენსიის მსგავსი ხელფასების დარიგებას. რეალურად კი ვიღებთ სურათს, რომდესაც გადაცემა შეიძლება გააკეთონ 100 ათასად, უჯდებათ მილიონი", - ამბობს დიმიტრი ტიკარიძე.