მთავრობა უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხების 200-ათასიანი ზღვარის შემცირების საკითხს განიხილავს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს დაავალა, საკითხი განსახილველად მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგინოს.
„მინდა, ეკონომიკური ზრდის რისკის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო, ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 000 ლარის ფარგლებში, განიხილოთ და მთავრობის მომავალ სხდომაზე წარმოგვიდგინოთ, რამდენად შესაძლებელია, ეს ზღვარი ჩამოვწიოთ 100 000 ლარამდე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 200 ათას ლარამდე სესხის აღება მიმდინარე წლის იანვრიდან მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. თავდაპირველად, აღნიშნული ზღვარი 100 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა 2018 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებებით, ზღვარი 200 ათას ლარამდე გაიზარდა.