logo_geo
eng_logo
ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
- +

9 ივნისი. 2016. 12:24


საქართველოს საპატრიარქოში ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.



საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს. წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.



ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მოსამზადებლად საკითხები 25 მაისის სხდომაზე უკვე განიხილა.



მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.



მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდ კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner