logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: არც მიშას არავინ ჰკითხავს რამეს, თორემ მარტო მაგის ნება რომ იყოს, ჩვენი ბუნდღა აღარ იქნებოდა აქამდე!
- +

21 ნოემბერი. 2019. 15:53

 

- ნაცები არ ისვენებენ!

 

- ნაცებმა ქვეყანა შეჭამეს!

 

- ნაცებს დესტაბილიზაცია უნდათ!

 

- ნაცების დედა... და ასე შემდეგ, შვიდივე ბრუნვაში!

 

კაი ბატონო, მაგრამ ახლა ამ წინადადებას დააკვირდით კარგად: - რომელმა ნაცებმა და რომელი ნაცები?! - საკუთრივ მიშა, თავისი „ერთგული“ სექტით, ბოკერია, თავისი „ევროპულად“ განახლებული „საქართველოთი“, „გაერთიანებულ ოპოციციად“ წოდებული შაპიტო, ბურჯანაძიდან - მაქარაშვილამდე, თუ პარტია „ქართულ ოცნებაში“ „გადაბარგებულები“, თავისი პარლამენტის თავმჯდომარით და უკვე ყოფილი მოადგილით?!

 

დავიჯერო, მეშლება რამე?

 

ნეტავი მე მეშლებოდეს!

 

გასაგებია! მაშინ, ოცდაათი წლის წინათ, ემოცია სჭარბობდა საღ ჭკუას, ბევრი რამე არ ვიცოდით, რეალური მტრის რეალურად შეფასებისთვის ცოდნა და გამოცდილება არ გვქონდა და არ გვეყო. არც ჩვენს წინააღმდეგ დაგებული პოლიტიკური ხაფანგებისა გაგვეგებოდა რამე. არც იმაზე გვიფიქრია, რომ მარადიული ბატონის პრეტენზიის მქონე იმპერია იოლად არ გაგვიშვებდა კლანჭებიდან, მაგრამ იმის შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა, ო ც დ ა ა თ ი და საშველი არ დაადგა იმის მიხვედრას, რომ „ნაცები“ კრემლში წინასწარ, მისხალ-მისხალ გაწერილი, ოცდაათწლიანი „ქართული პოლიტიკის“ კრებსითი სახელია და რომ ამ ანტიქართულ თამაშში თავად ვართ ხან ერთი და ხანაც, მეორე და მეოცე „ნაცის“ მხარდამჭერი!

 

...და რომ ამ „თამაშსაც“ და აქაურ, მონაწილე ყველა პაიკს ისევ ის, ოცდაათი წლის წინანდელი, ერთი მეფე და მბრძანებელი ყავს და რიგრიგობით, ხან ერთი და ხან მეორე ისე გაჰყავს „დამკაში“, რომ ჩვენი დაბნელებული გონება ვერაფერს ხვდება იმის გარდა, რომ საწყალ გუბაზას ვქოლავთ, პარტიიდან პარტიაში „ხტუნაობისთვის“!

 

ვითომ ესეც მეშლება?

 

ამ წერილის მიზეზი ის კითხვაა, ამას წინათ ერთ წრეში რომ დასვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა და რისმა არსმაც ლამის სიცილის ისტერიკა დამმართა: - როგორ გგონიათ და როგორი წარმოსადგენია, რომ ბოლო, „დიდი შეთქმულების“ წინ, კუკავამ დაურეკა და დაუმესიჯა ბურჯანაძეს, ბურჯანაძემ გუბაზას, იმან ბეძენიშვილებს და მერე უსუფაშვილმა ყველას აზრი შეათანხმა შალიკოსთან: - აგერ ოცდაათმა კაცმა ივანიშვილის გადაგდება გადავწყვიტეთ, წვრილმანებზე მოსალაპარაკებლად შენთან გვინდა შეკრება და თუ ძმა ხარ, უარს ნუ გვეტყვიო?!

 

რომ წარმოვიდგინე, მეც ვიცინე და ალბათ, თქვენც გეცინებათ ახლა, მაგრამ სასაცილოაო?!

 

ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ქართველებზე მთელი ქვეყანა აცინოს და ამას ახერხებს კიდეც და რაც მთავარია, კიდევ მოახერხებს! მოახერხებს მანამ, სანამ ვერ მივხვდებით, რომ არც „გუბაზები“ და „ბერძენიშვილები“ ხტუნაობენ პარტიიდან პარტიაში საკუთარი სურვილით, არც „ჩუგოშვილები“ და „თალაკვაძეები“ იბარებენ პარლამენტის თავმჯდომარე-მოადგილეობას თავისი ნებით და და არც იმ ოცდაათ მასხარას ჰკითხავს ვინმე, სად შეიკრიბოს, - შალიკოსთან თუ ვალიკოსთან.

 

მთავარია, ჩვენზე, როგორც არასერიოზულ ხალხზე იცინოს ყველამ!

 

მიზანიც ეს არის. არასერიოზულს სერიოზულად არავინ შეხედავს!

 

არასერიოზულს სერიოზულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. აი, რას ემსახურება, ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრის მიზანი და სურვილი.

 

ასეთი მტერი ვინ არის, თავად მიხვდებით, თუ გამოვიდე და ვიძახო: - „მაჰმუდი, მაჰმუდიო“?!

 

ამ წერილის მერე ერთი გულიანად გაცინება კიდევ მომიწევს. არა, მოწონება-არმოწონებას არ ვგულისხმობ. ერთი სული მაქვს, როდის დააკომენტარებს მავანი, რომ მთელი ამ დავიდარაბის შემოქმედი მიშაა, ამერიკის დავალებით!

 

P.S. ისე, ცნობისათვის. არც მიშას არავინ ჰკითხავს რამეს, თორემ მარტო მაგის ნება რომ იყოს, ჩვენი ბუნდღა აღარ იქნებოდა აქამდე!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner