ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციის სოფელ იე ბელანდაში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის ჯარისკაცებთან ერთად ტაქტიკური დაჯგუფება „ლაიონის" „ბრავო" ოცეულის ჩეხმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ავღანეთის არმიის ერთ-ერთმა ოცეულმა მიიღო.
ტვირთის დარიგებამდე ქართველი და ჩეხი სამხედროები სოფლის უხუცესს - მალიკს შეხვდნენ და არსებულ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე გაესაუბრნენ. მალიკთან შეხვედრაზე მსგავსი ოპერაციების მიზანზე გამახვილდა ყურადღება, რაც ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდაჭერას გულისხმობს. სამშვიდობოებმა ასევე აღნიშნეს, რომ რეგიონში კოალიციური ძალების ყოფნა, სწორედ, მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებში შედის.
მალიკისა და ადგილობრივი სკოლის დირექტორის დახმარებით ჰუმანიტარული ტვირთი იე ბელანდას სკოლის ეზოში დარიგდა. ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზამთრისთვის გამოსადეგი თბილი დასაფარებლები, ასევე სასკოლო ნივთები, სათამაშოები და ტკბილეული გადაეცა.
იე ბელანდაში ჰუმანიტარული მისიის მონაწილეთა უსაფრთხოებას ჩეხი ჯარისკაცები უზრუნველყოფდნენ. ოპერაცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.