„ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ზეწოლას უპერსპექტივოდ მიიჩნევს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კომიტეტი საზღვარზე პროვოკაციის ფაქტს თბილისში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა საზღვარი 9 ნოემბერს დაარღვია და აღნიშნული ფაქტი კარგად მომზადებული, წინასწარ დაგეგმილი იყო.
„ნოემბრის დასაწყისში ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვარგარეთ მივლინებაში იყო, რა დროსაც ბალტიისპირეთის ქვეყნები მოინახულა, მათ შორის ესტონეთი. 4 ნოემბერს ვ. გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით პაციენტების მიღებას აწარმოებდა კლინიკა „მედიქლაბ-ჯორჯიაში“. 6 ნოემბერს ვ. გაფრინდაშვილის „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე, პრემიალურ პაკეტზე „სოლო“ ჩაირიცხა ფულადი გზავნილი 21 000 ლარის ოდენობით. 8 ნოემბერს ვ. გაფრინდაშვილმა თავის კლიენტებთან საუბარში შეატყობინა მათ, რომ შაბათსა და კვირას ის თბილისში არ იქნებოდა და მიღებას მხოლოდ ორშაბათიდან, 11 რიცხვიდან განაგრძობდა“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციაში.
ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციაში, ასევე, საუბარია, რომ აქვთ ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები.
„9 ნოემბერს, 10:00 საათზე ვ. გაფრინდაშვილი ხვდება თავის კოლეგა ირაკლი კარტოზიას, რომელთაც ერთადაც ისინი ტაქსით კასპის რაიონში მდებარე საკორინთლოს დასახლებული პუნქტისკენ მიემართებიან. 11:00-დან 11:40 საათისთვის პერიოდში ვ. გაფრინდაშვილმა გადაკვეთა ე.წ. საზღვარი სოფელ მონასტერის მიმართულებით, რის შესახებაც ის ირაკლი კარტოზიას სატელეფონო საუბრის დროს აცნობებს. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გაფრინდაშვილს აკავებენ. დაკითხვის დროს ვ. გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან სურდა სოფელ მონასტერში ეკლესიის მონახულება, თუმცა, ვერ შეძლო მისი რელიგიური შეხედულებებისა და რწმენის შესახებ მკაფიოდ ესაუბრა. ასევე, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა, ეპასუხა მისი პარტიული კუთვნილების შესახებ კითხვებზე. განაცხადა, რომ მომხრეა საქართველოს NATO-ში მალე გაწევრიანების, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას განიხილავს, როგორც „საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლების განხორციელებას თავისუფლად გადაადგილებაზე“, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს „საქართველოს ტერიტორიად, რუსეთის მიერ ოკუპირებულად“, რუსეთს კი, საქართველოს სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, ვ. გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლებას იტოვებს, აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტების ცვლილება. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ასევე საქართველოსა და დასავლურ მედიაში ვ. გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით გაჩაღებული ისტერიით, კომიტეტი პირდაპირ აკავშირებს პროვოკაციას საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან. საქართველოს ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ასევე ოფიციალური თბილისის მცდელობები, მოიპოვოს პოლიტიკური ქულები ვაჟა გაფრინდაშვილით, ასევე, ზეწოლა განახორციელოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე მისი შიდა რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით, უპერსპექტივოა“, - აღნიშულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციაში.