ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა -სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზეც. მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით. მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აკრძალულია.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ და მძღოლებს გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილზე აწვდიან ინფორმაციას.
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.