logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ირაკლი აბაშიძე - 110 (წერილი 2)
- +

22 ნოემბერი. 2019. 01:42

 

(ნაწილი მეორე)

 

ბატონი ირაკლი დიდი კაცი იყო! ვეებერთელა!

 

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს თუ გადავხედავთ და მოვინდომებთ გაკეთებული საქმეებით (და შედეგებით) შევაფასოთ მისი ელიტა, განსაკუთრებით გამორჩეულ ადგილს დიდ ქართველ მოღვაწეთა შორის ნამდვილად დაიკავებს ირაკლი აბაშიძე!

 

იგი ერთ-ერთი პირველი (მოთავე ან მონაწილე) გახლდათ იმ (!) დროს, იმ (!) ქვეყანაში ყველაფრისა, რასაც ქართული საქმე ჰქვიოდა და სამშობლოს სულიერ ზრდას და გაძლიერებას ისახავდა მიზანს!

 

ამ მხრივ ღირს გამოვკვეთოთ:

- მისი პოეზია;

- რუსთველოლოგიის მეცნიერება და პრაქტიკა;

- პირველი ქართული ენციკლოპედია!

 

მეტი რომ არაფერი გაეკეთებინა (არადა, მის სახელთან დაკავშირებული კეთილი საქმეების ნუსხა საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში ერთობ გრძელია), უკვე შევიდოდა ქართულ ისტორიაში.

 

მისი ღვაწლი ჯერ კიდევ შეუფასებელია. დღევანდელი თაობები ნაკლებად იცნობენ მის შემოქმედებას და მოღვაწეობას. ეს დრომ მოიტანა. სამწუხაროდ, იმ პერიოდმა, რომელიც ეროვნულ-პოლიტიკური და მორალური ღირებულებების არცთუ ობიექტური გადაფასებით ხასიათდებოდა, როცა ნებსით თუ უნებლიედ „ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს". მაგრამ, საბედნიეროდ, დარჩა, თანაც, ვვარაუდობ რომ სამუდამოდ, მისი:

 

- პოეზიის მწვერვალი - ციკლი „პალესტინა, პალესტინა“...

 

- პოეტური შეძახილი -ანდერძი: „და ვუბარებ ყველა ქართველს, მისი წმინდა ვალი არის, მოკვდეს მაგრამ მკერდით შეკრას, დერბენტი და დარიალი!..“

 

- თავკაცობით ჩაფიქრებულ - მოწყობილი 800-წლოვანი მასშტაბური იუბილე შოთა რუსთველისა და ამ დიდ ეროვნულ ზეიმზე მისი პირადი ავტორიტეტით მოწვეულ - ჩამობრძანებული მსოფლიო სახელის მქონე მოღვაწეთა დამეგობრება საქართველოსთან, მის კულტურასთან.

 

- გადამწყვეტი ძალისხმევით ორგანიზებული საუკუნის სამეცნიერო ექსპედიციის შედეგი - იერუსალემის „ჯვრის მონასტერში“ აღმოჩენილი პორტრეტი შოთა რუსთაველისა...

 

- მონდომებით შეკრული მეცნიერთა უნიკალური გუნდის ნაღვაწი, რაც გამოიხატა მისი მთავარრედაქტორობით გამოცემული პირველი ქართული ენციკლოპედიით - ოფიციალურად 12, რეალურად კი 20 ტომით.

 

...„ძველებს“ კარგად გვახსოვს, ახალთაობამ კი უნდა იცოდეს და გაიაზროს ის ფაქტი და მოვლენა, რომ ამ დიდებულ მოღვაწესა და პოეტს ცხოვრება და მოღვაწეობა უხდებოდა ურთულეს(!!!) დროსა და რეალობაში და, მაშინდელ ვითარებაში იყო საჭირო სწორედ ირაკლისეული სიბრძნე, რომლთაც კეთდებოდა დიდი ეროვნული, საქვეყნო საქმეები. ეს სიბრძნე ითხოვდა მისი, როგორც არა მარტო პოეტი-აკადემიკოსის, არამედ იმ დროინდელი მმართველი პარტიის გამორჩეული წევრის აქტიურ როლს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. და ამ სტატუსშიც - მშობელი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი გახლდათ ერთობ ანგარიშგასაწევი ფიგურა, არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს საბჭოთა ქვეყანაში. მრავალი წლის მანძილზე გახლდათ სსრ კავშირის მწერალთა კავშირის ერთ-ერთი ავტორიტეტული მდივანი, სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, წინამძღოლობდა ქართველ მწერალთა კავშირს, იყო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, "ქართული ენციკლოპედიის" მთავარი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების პირველი თავკაცი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს (მაშინდელი პარლამენტის) თავმჯდომარე (ანუ, დღევანდელი გაგებით - სპიკერი).

 

სწორედ ამ სიბრძნემ და უაღრესად დიდმა პირადმა ავტორიტეტმა აიძულა ქართველთმოძულე, ავადსახსენებელი ნიკიტა ხრუშჩოვი, 1956 წლის 9 მარტიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, გაეცა განკარგულება, რომ სახელმწიფოს დაეფინანსებია იერუსალემის სამეცნიერო ექსპედიცია და გადაეწყვიტა მასთან დაკავშირებული დიპლომატიურ-პოლიტიკური პრობლემები. ხაზგასმით მივანიშნებ, რომ იმ დროის შიდა და საერთაშორისო პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით ამ პრობლემის ამ ფორმით და მასშტაბით გადაწყვეტა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. და ეს ფანტასტიკა რეალობად აქცია ირაკლი აბაშიძის სიბრძნემ, იუმორსაც თუ გავურევთ, „ხონურმა ეშმაკობამ"...

 

ეგებ ღირდეს დავესესხო ჩვენს გამორჩეულ მწერალს გურამ დოჩანაშვილს, რომელიც მადლიერებით იგონებს ბატონი ირაკლის ღვაწლს ზვიად გამსახურდიას და მისი მეგობრების სამართლებრივი დევნის შეწყვეტის პრობლემურ საქმეში, რაც დაკავშირებული იყო 1956 წელს ამ „ჯგუფის“ ე.წ. ანტისაბჭოთა საქმიანობასთან. რაოდენ ანგარიშგასაწევი უნდა ყოფილიყო ირაკლი აბაშიძის სახელი, რომ რესპუბლიკის მაშინდელმა ლიდერმა ვასილ მჟავანაძემ და დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ სწორედ მას თხოვეს ქართული საზოგადოებრიობის სახელით ემოქმედა და მოეგვარებია ეს რეზონანსული პრობლემა, რის გამოც პოეტს კოლეგებთან ერთად მოუხდა გამგზავრება მოსკოვს, კრემლის უმაღლეს მაღალჩინოსანთა კაბინეტების „ატალახება“ და ამ ფაქიზი „საქმის“ ღირსეულად დამთავრება.

 

ყველა რეგალიისა და „სიმაღლის" მიუხედავად, ბატონი ირაკლი მიწიერ კაცად, არაჩვეულებრივად უთბილეს ადამიანად რჩებოდა, თავისი უმშვენიერესი ოჯახით და განუმეორებელი მეგობრებით.

 

საარაკო იყო მისი და მისი ოჯახის თავმდაბლობა. სხვათაშორის ეს მომენტი ახლაც თვალში საცემია - მისი შვილების ცხოვრება ამ მხრივ მართლაც რომ სამაგალითოა. განსხვავებით "ვიღაც-ვიღაცეებისგან", რომელთა ხმაურიანი ჯირითობა და მათი "წინაპრების" მორიდებული ღვაწლის ნამეტნავად წარმოჩენის მცდელობა და მათ ხარჯზე დივიდენდების მოპოვება უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და, ბატონი ირაკლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფონზე, მომაგონებს "გულივერის მოგზაურობას ლილიპუტების ქვეყანაში.

 

ახლა კი დატკბით ხავერდოვანი ხმით წაკითხული დიდი პოეტის შედევრით - ვიდრე იარსებებს საქართველო და ქართული, ალბათ, იარსებებს ეს ლექსი - ჰიმნი მშობლიურ ენას!




 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner