11 ივნისს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის" სოლისტების, კამერული ორკესტრისა და გუნდის კონცერტი გაიმართება.
დირიჟორი: ვახტანგ კახიძე;
სოლისტები: ანა ჭანია (ვიოლინო), რეზი ხაინდრავა (ჩელო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა).
ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი" თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომლებმაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში.
ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სკოლას - "ნიჭიერთა ათწლედი" წლევანდელი წელიც, ტრადიციულად, შემოქმედებითად აქტიური და მრავალფეროვანი ჰქონდა. სასწავლო წლის მანძილზე სკოლამ მსმენელს 70-მდე ჟანრობრივად და თემატურად განსხვავებული არაერთი საღამო შესთავაზა, რომელიც მოიცავდა სამუსიკო სკოლის ყველა განყოფილების საჩვენებელი კონცერტების სერიას (სოლო, საანსამბლო კამერული, სიმფონიური კონცერტები) თბილისის სხვადასხვა პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, თეატრალურ სივრცეებში, უნივერსიტეტების სააქტო დარბაზებში, საჯარო სკოლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ და სახალხო დღესასწაულებზე, არაერთ საქველმოქმედო აქციასა და კონცერტში.
უნდა აღინიშნოს "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლები საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზეც - მათი უმრავლესობა გრან პრისა და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.
ამ საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებების ციკლს უდიდესი ტრადიციების სკოლა 11 ივნისს გრანდიოზული კონცერტით აგვირგვინებს, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობითა და ინიციატივით შედგება.
"ნიჭიერთა ათწლედის" ისტორიაში ასეთი მასშტაბური კონცერტი პირველად ტარდება - ორკესტრის, გუნდის ყველა წევრი და სამივე სოლისტი სკოლის მოსწავლეა. სოლისტები არიან სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" წარმატებული მოსწავლეები, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ანა ჭანია (ვიოლინო, პროფ. კონსტანტინე ვარდელის კლასი), რეზი ხაინდრავა (ჩელო, პროფ. თამარ გაბარაშვილის კლასი) და ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა, ას. პროფ. მერი ჟვანიას კლასი).
პროგრამაში იქნება ა. ვივალდის, ი. ს. ბახის, ვ. ა. მოცარტის, ჯ. კაჩინის, ი. კლენგელის, ბ. ბრიტენის ა. ბოროდინის ნაწარმოებები.