თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ბ.კ. და ა.ლ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ბ.კ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 5 ეპიზოდში, ხოლო ა.ლ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.კ.-მ 2019 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, სხვადასხვა ოდენობით: 0,156 გრ, 0,1698გრ, 0,115 გრ, 0,1323 გრ და 0,103 გრ მოქალაქეზე 250-250 ლარად გაასაღა.
ასევე დადასტურდა, რომ ბ.კ.-მ წინასწარი შეთანხმებით ა.ლ.-სთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1 გრ და 0,14 გრ „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 3 და 4 თებერვალს 250-250 ლარად გაასაღა.
უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა სამართალდამცველების მიერ.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.ლ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0099 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ამოღებული იქნა მისი საცხოვრებელი ბინიდან.
სამართალდამცველებმა ბ. კ. და ა.ლ. 2019 წლის 1 მარტს ქ.თბილისში დააკავეს.
ბ.კ-ს ბრალდება 5 ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I და IV ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება), ხოლო ორ ეპიზოდზე 260-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინა. ა.ლ.-ს 260-ე მუხლის I ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და ორ ეპიზოდზე 260-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ და V ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. და ა.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ.-ს 9 წლით, ხოლო ა.ლ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.