სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.
სუს-თან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა-ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს წარმომადგენელმა გიორგი გადელიამ განუცხადა, ყველა პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.