ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარტია „თავისუფლების" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა. გამსახურდიას განცხადებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაკარტიზმითაა მოცული, რომლებიც საუბრობენ პრორუსულ აგენტურაზე და პროდასავლურ აგენტურაზე. გამსახურდიას აზრით, ამ ორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური დისკურსი, რომელიც უნდა დამთავრდეს. ასევე გამსახურდიამ აღნიშნა, რომ ადამიანი თუ პოლიტიკური პარტია, რომელიც თვლის, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევრაზიულ კავშირს, გახდეს რუსეთის წევრი და გამოცხადდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აფხაზეთი და ოსეთი, არის უვიცი, ანალოგიურად იმ პიროვნებებისა, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი უნდა გააჩაღონ.
„საზოგადოების გარკვეული ნაწილი საქართველოში მოცულია სამწუხარო მოვლენით, რომელსაც ჰქვია მაკარტიზმი. საქართველოში გარკვეული ნაწილი საუბრობს პუტინის აგენტურაზე, მეორე მხარე - პროდასავლურ აგენტურაზე და მათ მიერ დაფინანსებულ ძალებზე. ძირითადად ამ ორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური დისკურსი, რომელიც უნდა შეიცვალოს. ადამიანი, ვინც იტყვის, რომ უნდა მოხდეს საქართველოს დესუვერენიზაცია; უარი ითქვას საქართველოს დამოუკიდებლობაზე; საქართველო შეუერთდეს ევრაზიულ კავშირს; გახდეს რუსეთის წევრი; ვცნოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აფხაზეთი და ოსეთი - ასეთი ადამიანი თუ პოლიტიკური პარტია არის უვიცი, ნაძირალა და არამზადა. ანალოგიურად, თუ ვინმე განაცხადებს, რომ უნდა გავაჩაღოთ რუსეთთან კონფლიქტი, უნდა დავარტყათ სამხედრო თვალსაზრისით, მსგავსი ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში",- განაცხადა გამსახურდიამ.