საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაკ-კეინის ინსტიტუტის დირექტორს დევიდ კრამერს შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი ახლო მომავალში წარმატებით დასრულდება. მხარეებმა საქართველოში და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მაკ-კეინის ინსტიტუტის დირექტორ დევიდ კრამერთან, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.