თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.შ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2002 წლის 20 მაისს, ქ.თბილისში, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, სტუმრად მყოფ დ.ც.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა გ.შ.-სთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბისას გ.შ.-მ დანით დ.ც.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ც. იმავე დღეს გარდაიცვალა.
ვინაიდან გ.შ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება 2002 წლის 27 მაისს დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძებნილი გ.შ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის - საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“ საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
გ.შ-ს მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.