საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანის განცხადება კვლევითი ორგანიზაცია „IRI“-ს შესახებ:
„მსურს, გამოვეხმაურო „აირაის“ ერთგვარ სკანდალს. მოგეხსენებათ, რომ არჩევნებს ცრუპენტელა მკვლევარები ნამდვილად არ აკლია, თუმცა, ერთ-ერთი აქტიური და საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატშემოხვეული თეთრი ყვავი „აირაი“ - აღმოჩნდა, რომელზეც მუდმივად გვქონდა, როგორც ჩანს, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს უკანასკნელი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ატარებს და მას სულ არ აინტერესებს, საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდოს რეალობის ამსახველი კვლევები.
მეტიც, მათ სურთ, საკუთარი სასურველი რეალობა დაანახონ დედამიწის მეორე მხარეს, სადაც ლობირებენ აღნიშნულ ორგანიზაციას, თუმცა, საერთაშორისო „აირაის“ გამორჩა ადგილობრივი ქართული ანდაზა - „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, ხოლო აღნიშნულ გონივრულ ეჭვს შემდეგი არგუმენტი ამყარებს, რომ „აირაის“ რამდენიმეწლიანი ისტორია ყოველთვის აჩვენებდა მათთვის სასურველი პარტიის სასიკეთო სტატისტიკას, თუმცა, მცდარს, კერძოდ კი, „ნაციონალური მოძრაობის“.
როგორც ჩანს, ამერიკაში არ მოეწონათ რამდენჯერმე მირთმეული ტყუილი და მოცემულობის არასწორი ანალიზი „აირაის“ ნამდვილ აი რაი-ობამდე მივიდა საქმე (გურულ-ამერიკული აქცენტით.)
რაც ეხება სკანდალს, პირველი ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ გვქონდა სხვადასხვა წყაროსთან კომუნიკაცია, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, რენდი შენემანის კავშირები და მისი ორგანიზაციის „Orion Strategies“-ს უშუალო ინტერესი, ამერიკაში, მიშას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური ლობისტობა ყოფილა.
მოკლედ, ნამდვილად არ ბნელა, მეგობრებო, ამიტომ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციას, დიდ ტყუილებს თავი დაანებონ, 20%-იანი ცდომილებებს ვგულისხმობთ და საზოგადოების კვლევებით შეცდომაში შეყვანას (როგორც ჩანს ლობები მარტო თქვენ არ გყავთ). საღად მოაზროვნე ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, რომ ხარ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ბრიფინგებზე გაყინული თვალებით არაქართულად მეტყველებ (ხშირად ჭკუას გვარიგებ) და ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ უფრთო ანგელოზის როლი გეკუთვნით, რომ თქვენი თითოეული სიტყვა დამაჯერებელია.
მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა ნებისმიერი დემოკრატიული პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენაზე მნიშვნელოვანია, თუმცა დაუშვებელია არაობიექტურობა და რაიმე ნიშნით მიკერძოებულობა, რაც „აირაის“ შემთხვევაში პირდაპირ გაცხადდა“, - ნათქვამია ვეფხვია გულედანის განცხადებაში.