logo_geo
eng_logo
დავით კობეშავიძე: ასეთ დიდ ექიმზე ხელის აწევა მკრეხელობად მიმაჩნია!
- +

25 ნოემბერი. 2019. 14:32

 

სამშობიარო სახლისა და პედიატრიული საავადმყოფოს „იმედის კლინიკის“ დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი დავით კობეშავიძე აღშფოთებულია ღვაწლმოსილი ექიმის გოგი მაღალაშვილის ცემის ფაქტის გამო და „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან საკუთარი კოლეგების მისამართით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილ ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილს პაციენტის ნათესავებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო.

- სულით ხორცამდე შემძრა ამ დღეებში მასმედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ უდიდეს ექიმს გოგი მაღალაშვილს პაციენტის ახლობლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ადამიანი გახლავთ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერი ნეიროქირურგიაში! სცემო ექიმს, რომელმაც იდეალურად ჩაატარა უმძიმესი ოპერაცია და გადაარჩინა პაციენტი - ეს არის უკიდურესად  ამაზრზენი და ყოვლად დაუშვებელი ფაქტი! ნუთუ ვერ ხვდებით, ვისზე სწევთ ხელს, მეგობრებო? თეთრი ხალათი ხელშეუხებელია ომის დროსაც კი! თეთრხალათიანი ადამიანისათვის არ არსებობს საზღვრები, სქესი და ნაციონალობა! მინდა შეგახსენოთ, რომ ძველ დროში, როცა ექიმის შრომა ანაზღაურებადი არ იყო, მათ ხალხი და მადლიერი პაციენტები ინახავდნენ. როგორ შეიძლება, ექიმს მივაყენოთ ფიზიკური შეურაცხოფა და ვლანძღოთ მაშინაც კი, როცა ცამდე მართალია!

 

- ბატონო დავით, სამწუხაროდ,  ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა თავდასხმა და ძალადობა ექიმებზე...

 

- ეს უკვე მეტისმეტია! მივმართავ და მოვუწოდებ ექიმებს, ჩემს კოლეგებს და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს - დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ერთად გავაპროტესტოთ უსამართლო და აგდებული დამოკიდებულება სამედიცინო საზოგადოების მიმართ! დროა, ხმა ამოვიღოთ იმ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო პერიოდში ექიმების მისამართით აგრერიგად მოხშირდა. როდესაც ექიმები ასეთი დაუცველები ვართ, გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია! მოვესწარით იმ დროს, როცა ექიმებს ეშინიათ თავისი პროფესიული მოვალების შესრულება! იცოდეს საზოგადოებამ, რომ მხდალი და შეშინებული ექიმი პოტენციური მკვლელი გახლავთ! მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება, ისევ თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად!

 

_ რა ფაქტორები მიგაჩნიათ  ექიმთა მისამართით გახშირებული ძალადობისა და უპატივცემულო დამოკიდებულების მიზეზად?

 

- ექიმთა მიმართ საზოგადოებას რომ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდა, მავანნი ამ საკითხზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ. 9-წლიანი რეჟიმის მმართველობის პერიოდში დაიწყო სწორედ ექიმებზე მასობრივი შეტევა და მათი რეპუტაციის გაცამტვერება. ალბათ, გახსოვთ, საინფორმაციო გამოშვება არ მთავრდებოდა ექიმთა, რბილად ვიტყვი, კრიტიკის გარეშე. მაშინდელი ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირი გაგებით ლაშქრობდა ექიმებზე. ეს იყო იმჟამინდელი პოლიტიკის ნაწილი, რომ მოსახლეობის ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანათ და ამავდროულად საზოგადოებაში არსებული ავტორიტებები დაემცირებინათ. კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ამ მზაკვრულმა გეგმამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო. წინა ხელისუფლების დროს ჩადებული ნაღმი დღეს მთელი სიმძაფრით ამოქმედდა. საუბედუროდ, გაჩნდა საშინელი უფსკრული ექიმებსა და პაციენტებს შორის.

 

- თუმცა, არსებობს ობიექტური მიზეზებიც...

 

- რასაკვირველია, არსებობს! მსმენია გარკვეული შემთხვევების შესახებ, სადაც ექიმი მართლაც არაეთიკურად მოქცეულა. იმ ექიმს რა ვუთხარი, რომელსაც თავისი პაციენტის ცუდად ყოფნა გაუხარდება და ყველაფერს არ გააკეთებს მისი ჯანმრთელობისათვის. არსებობს სამედიცინო შეცდომები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ძვირი უჯდება ექიმს, თუმცა, ყოვლად დაუშვებელია, ცაკლეული შემთხვევების გამო ყველა ექიმის ერთ ქვაბში მოხარშვა! არსებობს სასამართლო, სამედიცინო საქმიანობის შემსწავლელი ორგანო, სამართალდამცავი ორგანოები. სწორედ აქ უნდა გაირკვეს მტყუან-მართალი და არა ქუჩური დაპირისპირებით და მუშტი-კრივით!

 

- თქვენი პირადი გამოცდილებით, რამდენად შეიცვალა ბოლო პერიოდში პაციენტისა და მისი ახლობლების მხრიდან ექიმის მიმართ დამოკიდებულება?

 

- როდესაც პაციენტი ექიმთან შორტებში ჩაცმული მიდის, აქ უკვე ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ექიმის მიმართ. ეს იგივეა ჩემთვის, რაც ლუვრში ან ოპერაში ადამიანი შორტებით და ჩუსტებით წავიდეს. ამ შემთხვევაში იკვეთება აღზრდის, ადამიანის შეგნებისა და ზოგადად მისი საზოგადების მიმართ დამოკიდებულების პრობლემა, თუმცა, ექიმის პირდაპირი მოვალეობაა, პაციენტს ყველა შემთხვევაში თბილად და ადამიანურად მიუდგეს. ჩემს კლინიკაში პაციენტის უფლებების დაცვას და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნას უდიდესი ყურადღება ექცევა. ჩვენმა ექიმებმა იციან, რომ დაძაბულ და აგრესიულ პაციენტს უფრო მეტად უნდა მოვეფეროთ და დავუყვავოთ. ამგვარი მიდგომის წყალობით ჩვენს კლინიკაში არასოდეს ღრმავდება კონფლიქტი ექიმებსა და პაციენტებს შორის.

 

- ბატონო დავით, რა გამოსავალს ხედავთ შექმნილ ვითარებაში?

 

- უნდა გაიაზროს ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ, რომ ყოველად დაუშვებელია ექიმებისგან მტრის ხატის შექმნა!  თუკი გაგრძელდება თავდასხმები და არაობიექტური შეფასებები ექიმების საქმიანობისა, ჩვენ იძულებულები გავხდებით, საპროტესტო აქციებით ვუპასუხოთ ყველა მოძალადეს! ამადროულად შესაძლოა მოხდეს ჩვენი საუკეთესო ექიმების მასობრივი გადინება ქვეყნიდან. მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი მაღალი სტანდარტების ალმა მატერი, როგორიც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია და მის გაცემული დიპლომს საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება აღიარებს. მისასალმებელია, რომ თსსუ-ს დიპლომი აღიარებეულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მედალს ორი მხარე აქვს.  თუკი გაგრძელდება ექიმებზე ზეწოლა და მათი დაუფასებლობა, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ჯანდაცვის სისტემა, ვინაიდან  სულ მალე აღარავინ მოინდომებს საქართველოში ექიმად მუშაობას.

 

ვთხოვთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომელთა კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, დრულად გამოიძიონ ექიმებზე ძალადობის ყველა ფაქტი და მოძალადეებს საკადრისი პასუხი გაეცეთ! კიდევ ერთხელ  სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ გოგი მაღალაშვილს. ასეთ დიდ ექიმზე ხელის აწევა მკრეხელობად მიმაჩნია!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner